ნავანეთემ პილაის ვიზიტი

პრემიერი გაერო-ს უმაღლეს კომისარ ნავანეთემ პილაის შეხვდა

facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში გაერო-ს უმაღლეს კომისარ ნავანეთემ პილაის შეხვდა. 

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული მდგომარეობა განიხილეს. პრესსამსახურისვე ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ამ მხრივ ვითარება გაუმჯობესდა.

საქართველოს პრემიერმინისტრმა გაეროს უმაღლეს კომისარს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ხელისუფლებამ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, თომას ჰამერბერგის, ასევე გაერო-ს და ადგილობრივი უფლებადამცველების რეკომენდაციების საფუძველზე ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა.

პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება და ე.წ საზღვრისპირა სოფლების ჰუმანიტარული პრობლემებიც განიხილეს.

საქართველოს პრემიერმინისტრთან შეხვედრას ასევე დაესწრნენ: გაერო-ს უმაღლესი კომისრის ოფისის პრესმდივანი რუპერტ კოლვილი, გაერო-ს უმაღლესი კომისრის ოფისის ამერიკის, ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჯანი მაგაზენი, გაერო-ს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში ნილს სკოტი, გაერო-ს უმაღლესი კომისრის უფროსი მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში ვლადიმერ შკოლნიკოვი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ჟენევაში, გაერო-ს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში შალვა ცისკარიშვილი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში თამარ ჩუგოშვილი.

კომენტარები