სასჯელაღსრულების დეპარტამენტი

კოჟორიძე: სად-ის მაღალი პრემიების საკითხზე გამოძიება უნდა დაიწყოს

Medianews

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის კახა კოჟორიძის აზრით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებზე გაცემული მაღალი პრემიების საკითხზე გამოძიება უნდა დაიწყოს. როგორც კოჟორიძემ ჟურნალისტებს უთხრა, ეს მით უფრო ლალი მოროშკინას განცხადების გათვალისწინებით უნდა მოხდეს, რომელიც ამტკიცებს, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებმა მაღალი პრემიები ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საკითხზე დუმილისთვის მიიღეს.

"ახლა, როცა ასეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვრცელდება, არა რომელიღაც მოქალაქის, არამედ სისტემაში დასაქმებული ადამიანის მხრიდან, რომელსაც აქვს გარკვეულ ინფორმაციაზე წვდომა, ცხადია, გამოძიება უნდა დაიწყოს. ამაში ორი აზრი არ შეიძლება იყოს. ძალიან მნიშვნელოვანია ის ინფორმაცია, რაზეც ქალბატონი მოროშკინა საუბრობს, ამიტომ გამოძიებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ გაირკვეს სიმართლე, მითუმეტეს, რომ უწყებაში აღნიშნულ საკითხზე გაკეთებული ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს", - თქვა კოჟორიძემ.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თანამშრომლებმა მაღალი პრემიები მიიღეს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აზრით, ეს ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანას უკავშირდება. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის ლალი მოროშკინას თქმით კი, "ბავშვმაც იცის, რომ მერაბიშვილი ციხიდან ნამდვილად იყო გაყვანილი".

კომენტარები