გაეროს უმაღლესი კომისრის ვიზიტი

თეა წულუკიანი ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლეს კომისარს შეხვდა

იუსტიციის სამინისტრო

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლეს კომისარს ნავანეთემ პილაის შეხვდა. სამინისტროს ცნობით, საუბრის მთავარი თემები იყო ანტიდისკრიმინაციული კანონი; ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში, განსაკუთრებით კი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება; საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგია; სასამართლო რეფორმის პირველი და მეორე ტალღა; სისხლის სამართლის რეფორმები.

"ქალბატონი ნავანეთემ პილაი დარჩა კმაყოფილი იმ მასშტაბური რეფორმებით, რომლებიც იუსტიციის სამინისტრომ და საქართველოს მთავრობამ ბოლო 18 თვის განმავლობაში განახორციელა; მათ შორის, სასამართლოს დეპოლიტიზაციის კუთხით, იქნებოდა ეს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანა თუ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის რეფორმა. გაერო-ს უმაღლესი კომისარი დარჩა შთაბეჭდილებების ქვეშ, რადგან ჩვენ დაწყებული გვაქვს და ვამთავრებთ პროცესს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე, რომელიც გაერო-ს ბავშვთა ფონდის დახმარების მეშვეობით ხორციელდება ჩვენს სამინისტროში“, - განაცხადა მინისტრმა.

ვიზიტის ფარგლებში უმაღლესი კომისარი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, შინაგან საქმეთა მინისტრს, სახალხო დამცველს, სასჯელაღსრულების მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს.

ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისარი უკვე შეხვდა საქართველოს პრემიერმინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს.

ნავანეთემ პილაი საქართველოში ვიზიტს 21 მაისს დაასრულებს.

კომენტარები