საჯარო სამსახურში პრემიისა და სახელფასო დანამატის ოდენობაზე, სავარაუდოდ, მაქსიმალური ზღვარი დაწესდება.
საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელის ეკა ქარდავას თქმით, ამის შესახებ ბიუროსა და მთავრობის ადმინისტრაციას უკვე დაწყებული აქვთ მუშაობა.
"საჯარო სამსახურის ბიუროს და მთავრობის ადმინისტრაციას უკვე დაწყებული აქვთ მუშაობა საქართველოში საჯარო მოხელეების, განსაკუთრებით თანამდებობის პირების სახელფასო სისტემის, ასევე დანამატებისა და პრემიების რეგულირების თაობაზე. აღნიშნული მიმართულებით ჩვენთან უკვე მომზადებულია რამდენიმე კვლევა, რომელიც სხვადასხვა ევროპული ქვეყნის პრაქტიკის განზოგადების საფუძველზე განხორციელდა. ერთი თვის ვადაში უკვე ბატონ პრემიერს წარვუდგენთ ჩვენს ხედვას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოწესრიგდეს საქართველოში ხელფასების, დანამატებისა და პრემიების სისტემა. ევროპული გამოცდილება და სტანდარტები აწესებს პრემიის და დანამატის მაქსიმალურ ზღვრულ ოდენობას. მთავარია, რომ ჩვენც ამ გეზით ვიაროთ - მაქსიმალური ოდენობის დაწესებით", - აღნიშნა ეკა ქარდავამ და განმარტა, რომ პრემიისა და სახელფასო დანამატის მაქსიმალური ოდენობის ზღვარი ჯერ დადგენილი არ არის.
ქარდავას თქმით, კონცეფციის დადების შემდეგ პირველ რიგში პრემიერთან გაიმართება მსჯელობა, შემდეგ კი მას განსახილველად მთავრობის ცალკეულ წევრებთან განიხილავენ.





