გატაცებები საოკუპაციო ხაზთან

ზალკალიანი იმედოვნებს, რომ დაკავებულ ქართველ მწყემსს მალე გაათავისუფლებენ

mfa.gov.ge

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი იმედოვნებს, რომ რუსი ოკუპანტების მიერ თამარაშენში დაკავებულ ქართველი მწყემსს უახლოეს პერიოდში გაათავისუფლებენ. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხში შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ჩართული და ცხელი ხაზის საშუალებით კი შედგა კონტაქტი.

"ყველა ასეთ საკითხზე მყისიერად ხდება ინფორმირება ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების. შემდეგ ჩვენ ველით ქმედებებს. ეს შემთხვევაც ალბათ ჩვენი ქართველი მწყემსის გათავისუფლებით დასრულდება უახლოეს პერიოდში", - აღნიშნა ზალკალიანმა.

ზალკალიანის თქმით, გასულ კვირას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების გატაცების საკითხი საგარეო უწყებამ მწვავედ დააყენა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან თბილისში გამართულ შეხვედრაზე.

"ყველა მასალა მივაწოდეთ. მათ მოვთხოვეთ, რომ როდესაც ისინი ჩავიდოდნენ ცხინვალში, ეს საკითხი მწვავედ დაესვათ. სწორედ ამის შემდეგ მოხდა დაახლოებით 18 ადამიანის გათავისუფლება, რომლებიც ე.წ. ჯონჯოლის საქმეზე იყვნენ დაკავებულები", - თქვა ზალკალიანმა.

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ თამარაშენში მწყემსი დააკავეს. ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს, ფცას რწმუნებულის, თამაზ ბერუაშვილის ინფორმაციით, რუსი სამხედროები თავიანთი დისლოკაციის ადგილს დაახლოებით 60-80 მეტრით გამოცდნენ და ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ, თუმცა შს სამინისტროში აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

შსს-ს ცნობით, 54 წლის ოთარ ქოქოშვილი დაკავებულია საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისთვის. დაკავებული ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი. მისი გათავისუფლების მიზნით მოლაპარაკებები ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ცხელი ხაზის მეშვეობით მიმდინარეობს.

კომენტარები