უხილავების პროტესტი

"უხილავების პროტესტი" პუშკინის სკვერში

დილის 7 საათიდან, პუშკინის სკვერში აქცია-ინსტალაცია "უხილავების პროტესტი" მიმდინარეობს. სკვერში 100 წყვილზე მეტი ფეხსაცმელი აწყვია, პერფორმანსის კონცეფცია კი, ხეებზეა გაკრული. გამვლელებს სასურველი ფეხსაცმელის წაღება 18:00 საათის შემდეგ შეუძლიათ.

"ეს ინსტალაცია უხილავებისთვისაა. მათთვის ვინც არ ჩანს, ვისი სათქმელიც არ ისმის, ვისი არსებობაც არ არის აღიარებული. ეს ინსტალაცია ჩვენთვისაა, ყველასთვის ვინც ყოველდღიურად ვაწყდებით, მაგრამ ვერ ვხედავთ და არ ვუსმენთ ერთმანეთს. ვისაც სახლიდან გამოსვლა არ შეუძლია და ვისაც სახლში წასასვლელი არ აქვს. ვინც მრავალგზის დევნეს და გადაასახლეს: სამხედროებმა, მთავრობებმა, ბანკებმა, საკუთარმა ოჯახებმა, ვინც შრომობს და არ უფასდება, ვინც შიმშილობს რომ მოუსმინონ, ვისთვისაც არ გვყოფნის საჯარო სივრცე, ვისაც შეურაცხყოფისგან ვერ ვიცავთ, ვის მიმართაც მუქარას და ძალადობას არ ვიძიებთ, ვინც უხმოდ უნდა ილოცოს, ვინც სახელი უნდა დამალოს. დღეს ეს ცარიელი ფეხსაცმელები აქ დგას იმ ადამიანების ნაცვლად, ვისაც ერთი წლის წინ, 17 მაისს ეყო გამბედაობა, წინ აღდგომოდა ერთ-ერთი ჯგუფის, ლგბტ თემის უხილავობას, ვინც სცადა ჩვენი მხილება დაუნდობლობაში და ჩვენი საერთო გამოწვევების შესახებ საუბარი. ვისაც ახლაც სურს იყოს აქ, საკუთარი წუხილის და სიხარულის გამოსახატად, მაგრამ არც სახელმწიფო და არც საზოგადოება მის ხმას და არსებობას არ უფრთხილდება" - ნათქვამია აქციის კონცეფციაში.

იქვე აღნიშნულია, რომ "ეს არის პროტესტი უხილავებისთვის და უხილავობის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ვერ ვახერხებთ ერთმანეთის აღიარებას და დაფასებას, მაინც ყველანი ვარსებობთ, ჩვენი სათქმელით, სურვილებით, ყოველდღიურობით. თვალის დახუჭვა და სმენის დახშობა ჩვენს არსებობას ვერ წაშლის, ჩვენს ტკივილს ვერ გადაფარავს, თანაგრძნობის და სიყვარულის უნარს ვერ წაგვართმევს".

კომენტარები