მეწყერი დარიალის ხეობაში

დარიალის ხეობაში დაკარგულად 5 ადამიანი ითვლება

greenalt.org

საქართველოს პრეზიდენტი დარიალის ხეობაში ჩამოწოლილ მეწყერთან დაკავშირებით კომენტარს ინტერპრესნიუსთან აკეთებს და აცხადებს, რომ მთის მოწყვეტის მასშტაბი 2007 წელს ჩამოწოლილ მეწყერზე დიდია, ხოლო დაკარგულად 4-5 მძღოლი ითვლება.

"მე რამდენადაც მითხრეს, მეწყერმა 4 თუ 5 მანქანა მოიყოლა, შესაბამისად, მინიმუმ 4-5 მძღოლი ითვლება დაკარგულად, თუ არ ვილაპარაკებთ მგზავრებზე, რომლებიც შესაძლოა მათ ჰყოლოდათ", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა სააგენტოსთან სატელეფონო საუბარში.

პრეზიდენტის ინფორმაციით, მეწყერის შედეგად წარმოქნილი დაგუბება ნელ-ნელა კლებულობს. მისი თქმით, სერიოზული პრობლემები წარმოიქმნა გზაზე, რომელიც გასაწმენდი და აღსადგენია. მარგველაშვილი ასევე აცხადებს, რომ ხეობის აღდგენას სერიოზული დრო და რესურსი დასჭირდება.

"მე არ ვარ ჰიდროლოგი და ამ თემის ექსპერტი. შესაბამისად, ვერანაირად ვერ გეტყვით, რატომ მოხდა ეს ყველაფერი, მაგრამ ის, რომ დევდორაკი პერიოდულად წყდებოდა ხოლმე, შემიძლია დაგიდასტუროთ როგორც ადამიანმა, ვინც კარგად იცნობს ამ ადგილს და აქაურობას. ზოგადად, დევდორაკი უფრო სწრაფად ლღვება, ეს, ბუნებრივია, არის ეკოლოგიური პრობლემა, მაგრამ არა - ჰესებით გამოწვეული. ეს ხდება გლობალური დათბობის, ასევე დაბინძურების გამო – როგორც ცნობილია, დაბინძურებული მყინვარი უფრო სწრაფად დნება და ეს მთელს მსოფლიოში ასეა", - აღნიშნა პრეზიდენტმა

ხეობაში იმყოფება პრემიერმინისტრი ღარიბაშვილიც, მან მედიის წარმომადგენლებს გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა.

"ამ ეტაპზე მე პირადად გადავწყვიტე ჩამოვსულიყავი, რომ პირადად ადგილზე გავეცნო ვითარებას, იცით რომ შეიქმნა საგანგებო შტაბი, რომელსაც უწევს კოორდინაციას სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოვაგვაროდ ეს პრობლემები. მედიას მინდა გთხოვოთ, რომ გადაუმოწმებელი ინფორმაცია არ გაავრცელოთ და გადაამოწმოთ უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოსთან ინფორმაცია" - განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები