სასჯელაღსრულების დეპარტამენტი

ნადირაშვილი: თუ სუბარს პრემიების ოდენობასაც არ ეკითხებიან, რა უნდა მინისტრად?

news.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ირმა ნადირაშვილის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, რატომ არის სოზარ სუბარი სასჯელაღსრულების სამინისტროში. დეპუტატმა სოზარ სუბარის ის განცხადება შეაფასა, რომელიც სასჯელაღსრულების დეპარტამენტში გაცემულ მაღალ პრემიებს ეხება.

"მე მოვისმინე სუბარის საუბარი. მან თქვა, რომ ესაუბრა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსს დიმიტრი დარბაისელს. ეს არის დაცინვა იმ ადამიანების, რომლებიც 22 წელი მუშაობენ, რათა დარბაისელის მსგავსად, ერთი თვის ხელფასი ან პენსია აიღონ. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რომელიც ჩაიდინა დარბაისელმა. ეს არის სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა, რაზეც მათ სხვათა შორის ვანო მერაბიშვილი ციხეში უზით. რაც შეეხება თვითონ მინისტრს, სუბარი რომ არაადეკვატურია შეფასებებში, ეს ახალი ამბავი არ არის. თუ სოზარ სუბარს იმასაც არ ეკითხებიან, რამდენ ხელფასს და პრემიას გასცემენ, იქ რატომ არის საერთოდ, ვერ ვიგებ", - აცხადებს ნადირაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, 2013 წლის დეკემბრის თვეში სასჯელაღსრულების დეპარტამენტში გაცემული პრემიები აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და გაუმართლებელი იყო. როგორც სუბარმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ თქვა, ეს საკითხი მინისტრთან შეთანხმებული არ ყოფილა

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ 2013 წლის დეკემბერში აღებული მაღალი ხელფასების შესახებ ინფორმაცია 10 მაისს გაავრცელა. დეპუტატ ირმა ნადირაშვილის თქმით, "ხელფასები გაცემულია 20 დეკემბერს, ხოლო 17 დეკემბერს ოთარ ფარცხალაძემ ვანო მერაბიშვილი საკნიდან გაიყვანა". საპარლამენტო უმცირესობის წევრს ეჭვი აქვს, რომ მაღალი ხელფასებით სად-ის თანამშრომლების დუმილი იყიდეს. ამასთან, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების მიერ შევსებული ფინანსური დეკლარაციები 2013 წლის 20 დეკემბერს მიღებულ მაღალ ხელფასებს არ მოიცავს. 

კომენტარები