„ვხედავ, რომ თქვენზე უდიდესი ზეწოლა ხორციელდება, რათა ხელშეკრულების ხელმოწერაში ხელი შეგიშალონ." - განაცხადა საქართველოში სტუმრად მყოფმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპუიმ. ის, რომ რუსეთი ქართველი ხალხის დასავლურ არჩევანს ეწინააღმდეგება და საქართველოს უკანა ეზოდ შენარჩუნებას ცდილობს ახალი ამბავი არ არის, თუმცა კითხვები იმასთან დაკავშირებით, რამდენად შესწევს უნარი ან სურვილი საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის მცდელობას წინააღმდეგობა გაუწიოს სულ უფრო ხშირად ისმის.
ამ კითხვებს ლეგიტიმურობას ისევ ხელისუფლების მოქმედებები სძენს. საქართველოს პარლამენტს თვენახევარი ეყო იმის დასადგენად, რომ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის გასამართლებული პირები სინამდვილეში პოლიტიკური მოტივით იდევნებოდნენ.
გვაქვს თუ არა საფუძველი ვიფიქროთ, რომ საქართველოს მთავრობამ იცის როგორ უნდა უზრუნველყოს ქვეყნის უსაფრთხოება? თუ კი, მაშინ რატომ არ იცის ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა გვჭირდება თუ არა NATO-ს თავდაცვითი სისტემის საქართველოს ტერიტორიაზე განთავსება, ან რატომ დაესხა მთელი უმრავლესობა თავს ირაკლი ალასანიას, რომელმაც ამერიკაში ვიზიტისას ეს მოთხოვნა დააყენა?
ამ და საქართველოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სხვა შეკითხვებს გავცემთ პასუხს გადაცემის პირველ ნაწილში.




