თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში, ქალაქ სომაში, მაღაროს ჩამონგრევის შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
თურქეთის ენერგეტიკის მინისტრის თქმით, აფეთქების მომენტში მაღაროში 787 ადამიანი იმყოფებოდა. მათგან 383 უვნებლად ამოიყვანეს, 80-ზე მეტი დაშავებულია.
ავარია დაახლოებით 2 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა. წინასწარი ცნობებით, აფეთქების მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა.
სამაშველო სამუშაოები მაღაროში გრძელდება. ეს ინციდენტი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ტექნოგენური კატასტროფაა.
თურქეთის პრემიერმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.