ბიზნეს გარემო

პრემიერი: სასამართლო დამოუკიდებელია, ბიზნესი - აბსოლუტურად დაცული

საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, სასამართლო გადაწყვეტილებაში ჩარევის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. ღარიბაშვილს საქართველო-საფრანგეთის ბიზნესფორუმზე ჰკითხეს, რომ საქართველო ბიზნესის სიმარტივის თვალსაზრისით, მსოფლიოში მერვე ადგილზეა, თუმცა ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებით პრობლემები არსებობს.

 "გეთანხმებით, რომ ბოლო წლების განმავლობაში არსებობდა კითხვები საქართველოში ბიზნესგარემოს სირთულეებთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი კითხვა იყო სულ რაღაც ორი წლის წინ, საკუთრების უფლების დაცვის კუთხით, რაც საბოლოო ჯამში პრობლემებს უქმნიდა ხელსაყრელ ბიზნესგარემოს. არსებობდა ბევრი კითხვა სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. ჩვენ განვახორციელეთ რეფორმები ამ მიმართულებით. დამოუკიდებელი სასამართლოს გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია სტაბილური ბიზნესგარემოს შექმნა", - განაცხადა ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ "ჩვენი ხელისუფლების პირობებში, არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა სასამართლო გადაწყვეტილებაში ჩარევის. გარდა ამისა, პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალე გავხადეთ. ჩვენ კანონის უზენაესობის განმტკიცების კუთხით ძალიან ბევრი წარმატებული რეფორმა განვახორციელეთ. მივაღწიეთ პროგრესს, თუმცა არ ვამბობ, რომ აქ ყველაფერი იდეალურია".

ირაკლი ღარიბაშვილის თქმითვე, ბიზნესი და საკუთრების უფლება დაცულია ისე, როგორც არასდროს. მანვე აღნიშნა, რომ თავისუფალია სასამართლოს სისტემა.

"მინდა მოვახდინო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ციტირება, რომელიც წლებია, ამ სასამართლოს თავმჯდომარეობს. მან თქვა, რომ სასამართლო დღეს არის ისეთი დამოუკიდებელი, როგორც არასდროს ყოფილა. ასევე ბიზნესი არის აბსოლუტურად დაცული, ბიზნესმენები, იქნებიან ეს უცხოელები თუ ადგილობრივები. ჩვენ შევქმენით პროგნოზირებადი გარემო ქვეყანაში და ეს არის ის ძირითადი მიმართულებები, რომელსაც ვავითარებთ. ის ჩივილები, რომელიც არსებობდა ბოლო წლების განმავლობაში, ბიზნესის თავისუფლების მიმართულებით, პრაქტიკულად აღმოფხვრილია და არანაირი საჩივარი არ დაუწერია არც ერთ ბიზნესმენს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

აქვე, ცნობისთვის, საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ ფადი ასლიმ ტაბულას ეთერში განაცხადა, რომ დღეს საქართველოში ბიზნესს იგივე პრობლემები აქვს, რაც 16 წლის წინ ჰქონდა. მისი თქმით, "ნებისმიერი ბიზნესმენი, რომელსაც შეიძლება, ინტერვიუ ჩამოართვათ, გეტყვიან „არა, არაფერი, ყველაფერი რიგზეა, ბიზნესის თავისუფლება ხელშეუხებელია“, იმიტომ რომ ისინი შეშინებულები არიან, მათ ეშინიათ რომ თუ სხვაგვარად აღწერენ სიტუაციას, გახდებიან სამართლებრივი დევნის მსხვერპლი". გადაცემა ფოკუსში ასლიმ აღნიშნა, რომ "ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ საქართველოში ბიზნესები თავისუფალია, არის არაკომპეტენტური, იდიოტი ან მატყუარა".

კომენტარები