ფრანსუა ოლანდის ვიზიტი

ფანჯიკიძე: ოლანდის სტუმრობა განსაკუთრებული მოვლენაა ჩვენს საგარეო პოლიტიკაში

საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, საქართველოსთვის დიდი პატივია, საფრანგეთის პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდს უმასპინძლოს. ფანჯიკიძის თქმით, ოლანდის ვიზიტი არის საფრანგეთის, როგორც სახელმწიფოს და როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წევრის ძლიერი მხარდაჭერის გამოხატულება საქართველოს მიმართ.

”ეს არის ძლიერი მხარდაჭერის გამოხატულება, განსაკუთრებით ახლა, რადგან ვუახლოვდებით ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღს. საფრანგეთის პრეზიდენტის სტუმრობა არის განსაკუთრებული მოვლენა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ისტორიაში. შეხვედრებზე საუბარი შეეხება ევროკავშირსა და NATO-ს, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას, რადგან ჩვენ გამოვაცხადეთ მზაობა, მონაწილეობა მივიღოთ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით გამართულ სამშვიდობო ოპერაციაში, რომელშიც წამყვანი სწორედ საფრანგეთია”, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

ფრანსუა ოლანდი თბილისში 3 საათზე ჩამოვა. იგი საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერმინისტრს შეხვდება. შეხვედრების დასრულების შემდეგ კი ერთობლივი ბრიფინგი გაიმართება. ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში ფრანსუა ოლანდი ეკონომიკურ ფორუმს დაესწრება. საფრანგეთის პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლა რამდენიმე თვის წინ, ვილნიუსში გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრისას დაიგეგმა. 

კომენტარები