გატაცებები საოკუპაციო ხაზთან

ჭიკაიძე: დაკავებულთა გათავისუფლებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს

შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე მიიჩნევს, რომ ხშირ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეების დაკავების მიზეზი ე.წ. ადმინისტრაციული ზონის შესახებ მათი არაინფორმირებულობაა. 

"ის ნაწილი, საიდანაც მათი გატაცება ხდება საქართველოს მიწაა, მაგრამ მოგეხსენებათ, ის ოკუპირებულია. არსებობს საოკუპაციო ხაზი და ვფიქრობთ, რომ უმეტეს შემთხვევაში ჩვენი მოქალაქეები ვერ განსაზღვრავენ ე.წ. ადმინისტრაციული ზოლი რა ადგილას მდებარეობს და სწორედ ამიტომ უნებლიედ გადადიან არაკონტროლირებად ტერიტორიაზე, რის გამოც დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ახდენენ მათ დაკავებას", - აღნიშნა ალექსანდრე ჭიკაიძემ.

ჭიკაიძემ აღნიშნა, რომ რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული ქართველების გათავისუფლების მიზნით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

"მიმდინარეობს მოლაპარაკებები იმასთან დაკავშირებით, რომ რაც შეიძლება მალე და უვნებლად დავაბრუნოთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, რომელთა უსაფრთხოებაზეც პასუხისმგებელი პირველ რიგში ჩვენი სამინისტროა", - განუცხადა ალექსანდრე ჭიკაიძემ ჟურნალისტებს რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ საჩხერის რაიონიდან კიდევ შვიდი ადამიანი გაიტაცეს. ადგილობრივები ე.წ მესაზღვრეებმა კვლავ ჯონჯოლის კრეფის დროს დააკავეს. 

ამ დროისთვის, ცხინვალის იზოლატორში ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს 20-მდე მოქალაქე იმყოფება.

ადგილობრივების განცხადებით, მათ, სავარაუდოდ, ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლებენ.

კომენტარები