NDI-ის კვლევა

პრეზიდენტი: დემოკრატიის თვალსაზრისით, ფონი ძალიან თვისობრივად არის გაზრდილი

facebook.com/Margvelashvili

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, NDI-ის კვლევის დემოკრატიის ნაწილის შედეგები უკვირს. მარგველაშვილმა ტელეკომპანია იმედის გადაცემა პანორამაში თქვა, რომ ელოდა მატებას იმ ადამიანების, ვინც მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დემოკრატიაა.

"დემოკრატიის თვალსაზრისით, მე ვფიქრობ, ძალიან თვისობრივად გაზრდილია ფონი. ეს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა ევროპული სტანდარტების მიხედვით და ასეთი დემოკრატიული და კონკურენტული არჩევნები აქამდე არ გვქონია. ეს ეხება მედიასთან დამოკიდებულებას და ვხედავთ, როგორი გათავისუფლებულია მედია და როგორი აქტიურია ხელისუფლების კრიტიკაში. ჩვენ ვხედავთ დემოკრატიას იმ არაკონცენტრირებულ, ძალიან გაშლილ აქტიურ პროცესში, რომელიც გვაქვს პოლიტიკაში. აღმასრულებელი ხელისუფლება, პარლამენტი, ძალიან ღიად საუბრობს საკუთარი მოსაზრებების შესახებ. თვისობრივად შეიცვალა ეს ავტორიტარული, ცენტრიდანული პოლიტიკა. ამ პარამეტრებს თუ შევხედავთ, ჩემთვის გასაკვირია კლება, ველოდებოდი, რომ იქნებოდა მატება. ობიექტური მაჩვენებლებით, ახლა ჩვენ ბევრად სხვანაირ საზოგადოებაში ვცხოვრობთ თავისუფლების თვალსაზრისით", - თქვა მარგველაშვილმა.

NDI-ს გამოკითხულთა 46% ფიქრობს, რომ საქართველოში არის დემოკრატია, ხოლო 41% მიიჩნევს, რომ არა. აღსანიშნავია, რომ იმ გამოკითხულთა რიცხვი, ვინც ფიქრობდა, რომ ქვეყანაში დემოკრატიაა, 2013 წლის ნოემბერთან შედარებით, 8%-თ შემცირდა. მაშინ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევაში მონაწილეთა 54% მიიჩნევდა საქართველოს დემოკრატიულ სახელმწიფოდ, ხოლო 35% - არა.

ამასთან, გამოკითხულთა 40% ფიქრობს, რომ "საქართველო დემოკრატიულია, მაგრამ ჯერ კიდევ საჭიროებს გაუმჯობესებას", 22% მიიჩნევს, რომ "საქართველო არ არის დემოკრატიული, მაგრამ ამ მიმართულებით ვითარდება", 16%-ს აზრით, "საქართველო დემოკრატიული მხოლოდ საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის არის", 13% კი ფიქრობს, რომ "საქართველო შეიძლება მომავალში გახდეს დემოკრატიული, მაგრამ ამჟამად ამ მიმართულებით არ ვითარდება".

კომენტარები