NATO-საქართველოს ურთიერთობა

იმერლიშვილი: თავდაცვის მინისტრის განცხადებები მთავარსარდალთან უნდა შეთანხმდეს

უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას ის განცხადება შეაფასა, სადაც ალასანია NATO-ს თავდაცვითი ძალების საქართველოში განთავსებაზე საუბრობს. იმერლიშვილი თავად ამ განცხადებას ეთანხმება, თუმცა, მიიჩნევს, რომ მსგავსი განცხადებები შეთანხმებული უნდა იყოს როგორც მთავარსარდალთან, ასევე უშიშროების საბჭოზეც უნდა იყოს განხილული.

"როგორც აპატურაიმ განაცხადა, ამ საკითხზე იმსჯელებს NATO და ეს უკვე თავისთავად კარგია. თავდაცვის მინისტრი როდესაც აკეთებს ასეთ განცხადებას, ვფიქრობ, წინასწარ ალბათ უნდა იყოს ხოლმე შეთანხმებული მთავარსარდალთან, როგორც წესი და ალბათ, უშიშროების საბჭოზეც უნდა ხვდებოდეს ასეთი საკითხები. თუმცაღა განცხადებას მეც ვეთანხმები", - განაცხადა იმერლიშვილმა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, დასავლეთმა უნდა გამოიყენოს შესაძლებლობა და თავად შექმნას რეალობა, შესთავაზოს NATO-ს წევრობა ასპირანტ ქვეყნებს და განათავსოს იქ თავდაცვითი საშუალებები, განსაკუთრებით კი საქართველოში. როგორც მან ვაშინგტონში, ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველოში უნდა განთავსდეს საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობები და რუსეთი მიხვდება, რომ NATO სერიოზულად უდგება საკითხს.

კომენტარები