წინასაარჩევნო კამპანია

ვაშაძე: ჩვენ მზად ვართ განახლებისთვის და თვითონ ჩვენ ვართ განმაახლებლები

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი ვაშაძის განცხადებით, უკრაინა-რუსეთის დაპირისპირება აჩვენებს, რომ 2008 წელს საქართველოს პოზიცია არამხოლოდ სწორი, არამედ პრაგმატული და რაციონალური იყო. ამის შესახებ ვაშაძემ სპორტის სასახლეში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე თქვა. მისი განცხადებით, რუსეთის მხრიდან საოკუპაციო ხაზის გადმოწევის, მავთულხართების გავლების, მოქალაქეების გატაცების და მათი ქონების ხელყოფის ფონზე, საქართველოს ხელისუფლებას აქვს სრულიად უუნარო და შემგუებლობითი დამოკიდებულება. ვაშაძის შეფასებით, არის საშიშროება, "რომ ჩვენი პრობლემები გლობალური პოლიტიკიდან ამოვარდეს და აგრესორის წინაშე პირისპირ დავრჩეთ". ნაციონალური მოძრაობის წევრის თქმით, "ერთად უნდა გამოვაფხიზლოთ მთავრობა, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ისაუბროს იმაზე, რაც ჩვენ გვაწუხებს - ჩვენი ტეროპიტორიების ოკუპაცია".

ყრილობაზე გიორგი ვაშაძემ ასევე აღნიშნა, რომ უუნარობას საგარეო ასპარეზზე ემატება უუნარობა შიდა პოლიტიკის მიმართულებით. მისი თქმით, წელიწადნახევრის განმავლობაში, მთელი ქვეყანა გაჩერდა.

"ისიც გაჩერდა, რაც აქამდე კეთდებოდა, გაჩერებულია წყალტუბო, ანაკლია, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი. თბილისის შემოვლითი რკინიგზა, წყალმომარაგების პროექტები.. სასტუმროების მშენებლობა.. მთელი ქვეყანა გაჩერებულია. გაუარესებულია კრიმინოგენური სიტუაცია, მომძლავრებულიაა ქურდული სამყარო, დაცემულია ეკონომიკა და პირველად ბოლო ათწლეულში, 700-მილიონიანი გარღვევა იყო საქართველოს  ბიუჯეტში. მილიარდ ორასი მილიონი ვალი აიღო მთავრობამ. ლარის კურსი დაცემულია, გაძვირებულია პროდუქტები და გაზრდილია უმუშევრობა, ინვესტორები გარბიან და რაც ყველაზე ცინიკურია, ტელეეკრანებიდან გვესმის, რომ "ასე შენდება საქართველო". ასე ვერ აშენდება და ვერ იქნება ის მომავალი, რომელიც ყველას გვინდა. გასაოცარი დემოკრატიის ნაცვლად, სახეზეა ტოტალური მოსმენები, ქუჩური გარჩევები და რაც ყველაზე საგანგაშოა, შავი სამყაროს უკან ამოფარებული ძალოვანი სტრუქტურები" - განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ნელ-ნელა გარდაიქმნება პლატფორმად, სადაც არის ადგილი ახალი იდეებისთვის, პროექტებისთვის, ადამიანებისთვის.

"ჩვენ მზად ვართ განახლებისთვის და რაც მთავარია, თვითონ ჩვენ ვართ განმაახლებლები" - დასძინა ვაშაძემ და აღნიშნა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა უუნარობის ნაცვლად, მოსახლეობას სთავაზობს 24-საათიან მუხლჩაუხრელ შრომას.

"იმიტომ, რომ ჩვენ ეს გაგვიკეთებია, იმიტომ, რომ ჩვენ ეს ვიცით. იმიტომ, რომ ამას აუცილებლად გავაკეთებთ მომავალში" - განაცხადა ვაშაძემ და თქვა, რომ მათი მიზანია საქართველო, რომლის სიძლიერე გაიზომება არამარტო სახელმწიფო სისტემების ეფექტურობით, არამედ თითოეული მოქალაქის თავისუფლებით, ბედნიერებით და წარმატებით.

"ჩვენი მიზანია საქართველო, რომელიც იქნება ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი. ამ მიზნით მოვდივართ ჩვენ, რომ გავაკეთოთ საქმე, ყველა თაობა იყოს საქართველოში წარმატებული, ამუშავდეს ეს გაჩერებული ქვეყანა და საბოლოო ჯამში, მივაღწიოთ საბოლოო მისიას" - აღნიშნავს საპარლამენტო უმცირესობის წევრი.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო ყრილობა ევროკავშირის ჰიმნით გაიხსნა. პარტია დღეს საარჩევნო პროგრამას წარადგენს და მერობის, ასევე, გამგებლების კანდიდატებს დაასახელებს.

კომენტარები