გატაცებები საოკუპაციო ხაზთან

ზაქარეიშვილი: შსს ეფექტურად მუშაობს, გატაცებულებს სწრაფად ათავისუფლებენ

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი საოკუპაციო ხაზთან გახშირებულ გატაცებებთან დაკავშირებით ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, რათა მოწინააღმდეგეს საფუძველი არ მიეცეს, გატაცებები პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს. მისივე თქმით, ასოცირების ხელმოწერის კონტექსტში გარკვეული დაძაბულობა გამორიცხული არ არის.

"გატაცებებთან დაკავშირებით მუშაობს შს სამინისტრო და, როგორც წესი, საკმაოდ ეფექტურად, ვინაიდან გატაცებულთა გათავისუფლება საკმაოდ სწრაფად ხდება. არის ხოლმე, როდესაც შაბათ-კვირა ემთხვევა და საოკუპაციო ტერიტორიაზე ე.წ. სასამართლო არ მუშაობს, ამიტომ ელოდებიან ე.წ. სასამართლოს შეკრებას, რომ მოხდეს დაკავებულთა უკანონო გასამართლება და შემდეგ ხდება მათი გათავისუფლება", - თქვა ზაქარეიშვილმა. მისივე თქმით, ზოგადად გატაცებების საშუალო სტატისტიკა არ არის სახარბიელო, მაგრამ იმაზე მეტიც არ არის, რაც ხდებოდა ბოლო წლებში. "ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის კონტექსტში გამორიცხული არ არის გარკვეული დაძაბულობა. მთავრობა თავს იკავებს და სწორად ვიქცევით, მაგრამ ყველას იგივეს ვერ მოვთხოვთ. მოქალაქეებს მოვუწოდებთ მეტი სიფრთხილისკენ, რათა საფუძველი არ მივცეთ მოწინააღმდეგე მხარეს, რომ გამოიყენოს ეს პოლიტიკური მიზნებისთვის", - თქვა ზაქარეიშვილმა.

კომენტარები