ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევას პოლიტიკური რეიტინგების შესახებ აქვეყნებს.
კითხვაზე, როგორ შეფასებთ ქვემოთ ჩამოთვლილთა საქმიანობას - პატრიარქ ილია მეორის საქმიანობის შეფასებისას 91% პასუხობს - კარგად. აღნიშნული მაჩვენებელი 2013 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ კვლევასთან შედარებით 1%-თაა გაზრდილი.
კათალიკოს-პატრიარქის საქმიანობას უარყოფითად აფასებს 1%. 2013 წლის ნოემბრის კვლევაშიც აღნიშნული მაჩვენებელი იდენტური იყო.
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის საქმიანობას დადებითად აფასებს 37%, რაც გასული წლის ნოემბრის კვლევასთან შედარებით 4%-თაა შემცირებული. მის საქმიანობას უარყოფითად 6% აფასებს.
დავით ბაქრაძის რეიტინგი ნოემბრის კვლევასთან შედარებით გაზრდილია. 2013 წლის ნოემბერში მას 25% ჰქონდა, ახლა 28% აქვს.
სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის საქმიანობას დადებითად აფასებს 14%, უარყოფითად - 9. 2013 წლის ნოემბერში მას დადებითად 12% აფასებდა, უარყოფითად 7%.
მთავარი პროკურორის გიორგი ბადაშვილის საქმიანობას კი დადებითად აფასებს 4%, 6%- უარყოფითად. ხოლო 68%-მა არ იცის.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 26 მარტიდან 18 აპრილის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით 3942 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) აფინანსებს და CRRC საქართველო ატარებს.





