რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

ალასანია: რუსეთთან ომის საფრთხე მცირეა, მაგრამ ყველა სცენარისთვის ვემზადებით

irakli alasania official /facebook.com

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, რუსეთის მხრიდან საბრძოლო მოქმედებების განახლების საფრთხე მცირეა, მაგრამ საქართველოს მთავრობა ყველა სცენარისთვის ემზადება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება და მთავრობა დაძაბულობის თავიდან ასაცილებულად ყველაფერს აკეთებს. მისი თქმით, ხელისუფლების ამოცანაა, ქვეყანა განსაცდელში არ ჩააგდოს და მთავრობა სამხედრო დიპლომატიურ ნაბიჯებს დგამს, რათა მოვლენების რთული სცენარით განვითარება არ დაუშვას.

"მაგრამ ჩვენ არ ვართ დაზღვეული და აქედან გამომდინარე, ორმხრივ ფორმატებში, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ვფიქრობთ და ვავითარებთ ჩვენს თავდაცვით შესაძლებლობებს. რაც შეეხება პირდაპირ საფრთხეს, კონკრეტულად, საბრძოლო მოქმედებების განახლების საფრთხეს, მე ვარ იმ აზრზე, რომ ამის შესაძლებლობა ამ ეტაპზე არის ძალიან მცირე. პირველი იმიტომ, რომ რუსეთი იმ პრობლემებშია ჩართული, რაც უკრაინასთან აქვს და ის ავანტიურა, რაც წამოიწყო, უკვე ძალიან ძვირად უჯდება. რაც შეეხება ჩვენთან ურთიერთობებს, მე აბსოლუტურად ვიზიარებ საქართველოს მთავრობის პოლიტიკას - რუსეთს არ მივცეთ არანაირი მიზეზი იმისა, რომ პოლიტიკური თუ სხვა ფორმით განახორციელოს საქართველოზე თავდასხმა, მაგრამ ამასთან ერთად, ჩვენ ვემზადებით ყველა სცენარისთვის", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

კომენტარები