NDI-ის კვლევა

NDI: 43%-ის აზრით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, სამუშაო ადგილები შემცირდა

NDI-ის გამოკითხულთა 43% მიიჩნევს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოში სამუშაო ადგილების რიცხვი შემცირდა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევაში მონაწილეთა 49% ფიქრობს, რომ სამუშაო ადგილების რაოდენობა იგივე დარჩა, ხოლო 3%-ის აზრით, გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ მათი რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში სამუშაო ადგილების რაოდენობა შემცირდა, წინა კვლევასთან შედარებით, თითქმის გაორმაგდა. კერძოდ, 2013 წლის ნოემბერში, NDI-ს გამოკითხულთა 22% ამბობდა, რომ ქვეყანაში სამუშაო ადგილები შემცირდა. რაც შეეხება 2013 წლის სექტემბერს, მაშინ ამგვარად კვლევაში მონაწილეთა 32% ფიქრობდა.

დასაქმებულად მიიჩნევს თავს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის გამოკითხულთა 33%, კვლევაში მონაწილეთა 67% - არა. 

ამასთან, NDI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 33%-ია დასაქმებული სრულ ან ნახევარ განაკვეთზე. 28% უმუშევარია და ეძებს სამსახურს (მოიცავს როგორ უმუშევარ, ისე პენსიონერ ადამიანებს, რომლებიც ეძებენ სამუშაოს), 7% უმუშევარია, მაგრამ არ ეძებს სამსახურს (მოიცავს როგორ უმუშევარ, ისე პენსიონერ ადამიანებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სამსახურით, თუმცა არ ეძებენ) და გამოკითხულთა 32% არააქტიური შრომითი რესურსია (მოიცავს სტუდენტებს, დიასახლისებს, პენსიონერებს და ა.შ., რომლებიც არ არიან დაინტერესებულნი სამსახურის ძებნით).

NDI-ის საზოგადოებრივი განწყობის კვლევის საველე სამუშაოები 26 მარტიდან 18 აპრილის პერიოდში ჩატარდა და 3 942 ადამიანი გამოიკითხა. კვლევა დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) მიერ.

NDI პოლიტიკური რეიტინგების შესახებ კვლევას ხუთშაბათს გამოაქვეყნებს.

კომენტარები