წინასაარჩევნო გარემო

უწყებათაშორისმა კომისიამ სამი ახალი რეკომენდაცია გასცა

 თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისმა კომისიამ ახალი რეკომენდაციები გასცა. დღევანდელ სხდომაზე პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა იმ წინასაარჩევნო დარღვევებზე ისაუბრეს, რომელთა შესახებაც სამდივნოში განცხადებები პოლიტიკურმა პარტიებმა შეიტანეს.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სხდომაზე წარმოადგინეს ინფორმაცია გამოვლენილი წინასაარჩევნო დარღვევების აღკვეთისა და შემდგომი პრევენციისათვის გადადგმული ქმედითი ნაბიჯების შესახებ.

უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციების მიხედვით, პოლიტიკურ პარტიებს დაევალათ, შეიმუშაონ მათი აქტივისტებისათვის შიდაპარტიული დისციპლინური ქცევის წესები, რათა განემარტოთ, თუ რისი უფლება აქვთ ან რა ეკრძალებათ წინასაარჩევნო პერიოდში. მეორე რეკომენდაციის მიხედვით, ადგილობრივმა თვითმმართველობის ორგანოებმა 15 მაისამდე თავი უნდა შეიკავონ გამგებლებისა და გუბერნატორების იმპიჩმენტის პროცედურებისგან. მესამე რეკომენდაცია კი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ატესტაციებისა და კონკურსების პროცესის არჩევნებამდე შეჩერებას ეხება. ასევე, მიმდინარეობს საკითხის შესწავლა მერიის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებითაც, რაზეც კომისია რეკომენდაციას მოგვიანებით შეიმუშავებს. 

იუსტიციის მინისტრის განმარტებით, პოლიტიკური პარტიების აქტივისტებმა უნდა იცოდნენ, რომ სხვა პოლიტიკური პარტიის წევრისათვის შეურაცხყოფის მიყენება და პლაკატზე პლაკატის გადაკვრა ჯანსაღ საარჩევნო პროცესთან შეუსაბამოა.

„ჩვენ მივიღეთ რეკომენდაცია იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა შეიმუშაონ საკუთარი წევრებისა და აქტივისტებისთვის ქცევის წესები; იმისათვის, რომ თითოეული პარტიის წევრმა იცოდეს, რომ სხვა პარტიის წევრისათვის შეურაცხყოფის მიყენება, პლაკატის პლაკატზე გადაკვრა პოლიტიკურ ჯანსაღ პროცესთან არის აბსოლუტურად შეუსაბამო. რაც შეეხება მეორე რეკომენდაციას, ჩვენ მივმართავთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, რომელიც მდგომარეობს შემდეგში: წინასაარჩევნო პერიოდში, 15 ივნისამდე, უნდა შეიკავოს თავი ყველანაირი სახის იმპიჩმენტის პროცედურისგან. ეს შეეხება გამგებლებსაც. ადგილობრივ თვითმმართველობებში გავეცით რეკომენდაციები, რომ არ ჩატარდეს ატესტაციები და კონკურსები, იმისათვის, რომ მშვიდ გარემოში მივიდეს ადგილობრივი ხელისუფლების საჯარო სამსახური არჩევნების დღემდე. ჩვენ დღის ბოლომდე შევიმუშავებთ რეკომენდაციას ქალაქ თბილისის მერიისადმი, რომელიც, კომისიაში ჩართული არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა თქმით, აქტიურად უნდა იყენებდეს ადმინისტრაციულ რესურსს. ჩვენ ამ შემთხვევას ვსწავლობთ და თბილისის მერიას რეკომენდაციით მივმართავთ“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, გაეცნონ მემორანდუმის იმ მუხლებს, რომლებიც ცესკო-ს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და უწყებათაშორის კომისიას შორის დღეს გაფორმდა. იუსტიციის მინისტრის განმარტებით, თუკი პოლიტიკური პარტიები ამ მემორანდუმს პრინციპის დონეზე ეთანხმებიან, მათ აქვთ საშუალება, ხელმოწერით შეუერთდნენ. როგორც მინისტრმა განაცხადა, მემორანდუმის მთავარი მიზანია, ზედმიწევნით გამიჯნული იყოს სახელმწიფო, საჯარო სამსახური, ერთი მხრივ, და, მეორე მხრივ, მმართველი პარტია.

იუსტიციის მინისტრმა მადლობა გადაუხადა იმ მუნიციპალიტეტებს, რომლებმაც საკუთარი თანამშრომლებისათვის უწყებათაშორისი კომისიის მიერ გამოცემული რეკომენდაციები ინსტრუქციებად აქციეს და თითოეულ საჯარო მოხელეს აუხსნეს, თუ რა არის წინასაარჩევნო პერიოდში დასაშვები და რა − არა, რათა ადგილობრივი საჯარო სამსახური გამიჯნული იყოს პოლიტიკური პროცესისაგან.

კომენტარები