ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

სიგუა: საქართველოში კაზანტიპის და კრიმფესტის ანალოგი ორი ფესტივალი ჩატარდება

გიორგი სიგუა
economy.ge

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსის გიორგი სიგუას განცხადებით, საქართველოში "კაზანტიპის", ასევე, "კრიმფესტის" ანალოგი ფესტივალები ჩატარდება. როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე სიგუამ თქვა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გათვლაა, რომ უკრაინელი ტურისტების რაოდენობა 100%-ით გაიზარდოს.

"ორი მნიშვნელოვანი ფესტივალი იქნება საქართველოში ამ ზაფხულს. ყირიმში ორი ძალიან მნიშვნელოვანი ფესტივალი ტარდებოდა. კერძოდ, "კრიმფესტისა" და "კაზანტიპის" ფესტივალი. უკრაინულ პრომოუტერულ კომპანიებთან შეთანხმება მიღწეულია, რომ "კაზანტიპის" ელექტრონული მუსიკის ანალოგი ფესტივალი ჩატარდება ანაკლიაში, ხოლო "კრიმფესტის" ანალოგი ორდღიანი ფესტივალი ჩატარდება ბათუმში, სადაც წარმოდგენილი იქნება 10 ევროპელი მომღერალი ვარსკვლავი", - განაცხადა სიგუამ და აღნიშნა, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ყირიმში ჩამსვლელი ტურისტების საქართველოში "გადმოქაჩვას" აპირებს.

"4 მილიონზე მეტი შიდა ტურისტი ჩადიოდა ყირიმში ყოველწლიურად. გასაგები მიზეზების გამო, ეს ნაკადი ყირიმში აღარ ჩავა. ყოველ შემთხვევაში წელს. ჩვენ ვგეგმავთ ამ ტურისტების ნაწილის გადმოქაჩვას საქართველოში. ამ ზაფხულს გათვლა გვაქვს იმაზე, რომ 100% გავზარდოთ უკრაინელი ტურისტების რაოდენობა და ამისთვის შემუშავებულია 80-გვერდიანი სტრატეგია. სავარაუდოდ, ერთ კვირაში გაფორმდება ხელშეკრულება სარეკლამო კომპანიასთან, რომელიც გრანდიოზულ კამპანიას გააკეთებს უკრაინაში. შეთანხმება არის ასევე მიღწეული უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებთან, ახალი რეისების დანიშვნაზე ბათუმის აეროპორტში, კიევის, ხარკოვისა და ლვოვის მიმართულებით, საუბარია 11 რეისზე კვირაში. ასე რომ, გაიზრდება დატვირთვა არსებულ რეისებზე", - თქვა სიგუამ და აღნიშნა, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მუშაობის მთავარი მიმართულებაა ტურისტული ნაკადების გაზრდა და ტურისტულ ინფრასტრუქტურაზე ზრუნვა.

ამასთან, ელექტრონული მუსიკის ფესტივალის კაზანტიპის ორგანიზატორების თქმით, ფესტივალი 31 ივლისიდან 14 აგვისტოს ჩათვლით, ყირიმში ჩატარდება. 

კომენტარები