ხმალაძე: მთავრობის ფორმირების უაზრო და ზედმეტად გაჭიანურებული პროცედურა გვაქვს

ვახტანგ ხმალაძის Facebook გვერდი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ვახტანგ ხმალაძის შეფასებით, დღესდღეობით, მთავრობის ფორმირების უაზრო და ზედმეტად გაჭიანურებული პროცედურა მოქმედებს. ხმალაძემ საკონსტიტუციო წინადადება მოამზადა, რომლის მიხედვითაც, მთავრობის ფორმირების პროცესში პრემიერმინისტრის კანდიდატურას პარლამენტს თავდაპირველად პრეზიდენტი წარუდგენს. 

"დღეს არის სრულიად უაზრო პროცედურა, რაც ზედმეტად აჭიანურებს მთავრობის შექმნას. დღევანდელი მოდელით, ჯერ საპარლამენტო უმრავლესობამ, და თუ უმრავლესობა არ არის, არჩევნების შედეგად პირველ ადგილზე გასულმა პარტიამ პრეზიდენტს უნდა წარუდგინოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა. შემდეგ ეს კანდიდატი პრეზიდენტმა უნდა წარუდგინოს პარლამენტს და პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს მას. თუ წარდგენილი კანდიდატურა ვერ გავიდა, ამის შემდეგ არჩევნებში მეორე ადგილზე გასულმა სუბიექტმა უნდა წარუდგინოს პრემიერმინისტრობის კანდიდატი პრეზიდენტს და მერე პრეზიდენტმა უკან უნდა დაუბრუნოს პარლამენტს. თუ კვლავ ვერ გავიდა, ამის შემდეგ მესამე ადგილზე გასულმა უნდა წარადგინოს და ეს ყველაფერი რომ ამოიწურება, შემდგომ პარლამენტმა თვითონ უნდა აირჩიოს პრემიერმინისტრი. მოდელი, რომელიც ახლა სამუშაო ჯგუფში განვიხილეთ, არის მარტივი და ლოგიკური. კერძოდ, არჩევნების შემდეგ პრეზიდენტმა პარლამენტის ფრაქციებთან კონსულტაციების საფუძველზე, პარლამენტს პრემიერმინისტრის კანდიდატურა უნდა წარუდგინოს. თუ პარლამენტმა ის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით აირჩია, ყველაფერი ამით დამთავრდება. ხოლო თუ არ აირჩევს, მაშინ პრემიერმინისტრობის კანდიდატები თავად პარლამეტში დასახელდება და თუ რომელიმე აირჩა, პრეზიდენტი ვალდებული იქნება, დანიშნოს იგი. თუკი ვერ აირჩა, შემდეგი ტური გაიმართება, რომელშიც ყველა კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის პრეზიდენტის მიერ წარდგენილი. თუ ისევ ვერ მოხდება არჩევა, მაშინ პრეზიდენტი პარლამენტს დაითხოვს. აღნიშნული მოდელის მიხედვით ცხადი ხდება, რომ პარლამენტის ფრაქციებთან კონსულტაციების შემდეგ, პრეზიდენტი პრემიერმინისტრობის იმ კანდიდატს წარადგენს, რომლის თაობაზე გამოიკვეთება, რომ მას პარლამენტის უმრავლესობა მხარს უჭერს. თუკი პრეზიდენტი ასე არ მოიქცევა და პრემიერმინისტრად სხვა კანდიდატურას წარადგენს, ის ჩავარდება და პარლამენტი თავად აირჩევს იმას, ვინც უნდა. ამით მთავრობის ფორმირების პროცესი შემოკლდება", - განმარტა ვახტანგ ხმალაძემ.

დეპუტატ ვახტანგ ხმალაძის საკონსტიტუციო წინადადები დღეს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში შექმნილმა სამუშაო ჯგფუმა განიხილა. აღნიშნულ ჯგუფს თავად ხმალაძე ხელმძღვანელობს და ის მთავრობასთან, პრეზიდენტთან და პარლამენტთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობს.

ამასთან, დეპუტატ ვახტანგ ხმალაძის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო პროექტის სამუშაო ვარიანტის თანახმად, პრემიერმინისტრად შეიძლება მხოლოდ პარლამენტის წევრის არჩევა. აღნიშნული საკითხი ხმალაძის მიერ შემუშავებული პროექტის ერთ-ერთი სიახლეა, თუმცა მასზე დღეს სამუშაო ჯგუფში არ უმსჯელიათ.

"ეს არის ერთ-ერთი მოდელი, როდესაც პრემიერმინისტრად აირჩევა მხოლოდ პარლამენტის წევრი და პრემიერმინისტრობის პერიოდში უჩერდება პარლამენტის წვრის უფლებამოსილება. თუ იგი თანამდებობიდან გადადგება, ან გადააყენებენ, ის პარლამენტში დაბრუნდება. როგორც წესი საპარლამენტო რესპუბლიკებში პრემიერმინისტრი არის პარტიის ან კოალიციის ლიდერი, პოლიტიკური ფიგურა და იმისათვის, რომ პრემიერმინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ ის არ აღმოჩნდეს ხელისუფლების გარეთ, ფორმალურად თამაშგარე მდგომარეობაში, არამედ შეასრულოს პოლიტიკური ლიდერის ფუნქცია უკვე პარლამენტში, სწორედ ასეთი მოდელი არსებობს", - უთხრა ინტერპრესნიუსს ვახტანგ ხმალაძემ.

კომენტარები