ეს შენ გეხება

ბოკერია: პრემიერი საკუთარი უნიათობის გადაფარვას ე.წ. მტრების ძიებით ცდილობს

გიგა ბოკერია
tabula.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, პრემიერმინისტრის განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც კამპანიას - ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ - წარმართავენ, ქვეყნის იმიჯის ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევიან.

”ქვეყნისთვის და ჩვენთვის უაღრესად სახიფათო და საზიანოა, რომ დღეს ჩვენი მთავრობა ეკონომიკაზე, უმუშევრობის ზრდაზე, კრიმინალის ზრდაზე, უსაფრთხოებასა და საკუთარი გუნდის საარჩევნო დაპირებების შესრულებაზე ფოკუსირების ნაცვლად, საუბრობს იმაზე, რომ კრიტიკული ჟურნალისტები არიან აგენტები, რომ ოპოზიცია დესტაბილიზაციას აწყობს და საბურავებს ყიდულობს. ახლა უკვე იმაზე, რომ უფლებადაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციები ეწევინ ძირგამომთხრელ საქმიანობას. აშკარაა, რომ მთავრობა, პრემიერმინისტრი, ცდილობს საკუთარი უნიათობის, არაკომპეტენტურობის გადაფარვას, ე.წ. მტრების ძებნით. აქედან ძალიან დიდი მანძილი არ არის პუტინის მმართველობის სტილამდე. ეს არ არის პოლიტიკა, რომელიც სჭირდება საქართველოს და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს პასუხობს”. - თქვა ბოკერიამ.

პრემიერმინისტრმა დღეს ასევე თქვა, რომ კანონპროექტის ვარიანტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს მიყურადების საკითხზე, კატასტროფის ტოლფასი იყო და მთლიანად სამართალდამცავი სისტემის, ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის გამართულ, ეფექტურ მუშაობას საფრთხეს შეუქმნიდა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, პრემიერის ეს განცხადება სიცრუეა და ასეთი ერთობლივი კანონპროექტი პარლამენტში არ შესულა. მსგავს კანონპროექტს არც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი შალვა შავგულიძე იცნობს.

„პრემიერი რაღაც კანონპროექტის შესახებ საუბრობს, რომელიც ნაციონალური მოძრაობისა და არასამთავრობო ორგანიზაციის ინიცირებულია. სიმართლე გითხრათ, ასეთ კანონპროექტს არ ვიცნობ. რაც შეეხება იმას, რასთანაც შეხება მქონდა - სამოქალაქო სექტორის რამდენიმე წარმომადგენელმა პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა. საკანონმდებლო ინიციატივა კი პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა შეიმუშავა და პარლამენტის წინაშე კანონპროექტთა პაკეტი წარადგინა“, - ამბობს შავგულიძე.   

კომენტარები