ანტიდისკრიმინაციული კანონის განხილვა

დეკანოზი: ბიძინა ივანიშვილისგან და ფულესგან არ უნდა იღებდეთ დირექტივებს

www.youtube.com

საქართველოს პარლამენტის, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ანტიდისკრიმაციულ კანონს განიხილავს. კანონის მიხედვით იკრძალება  ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაცია, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, ან სხვა ნიშნით. კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვას, სასულიერო პირები ესწრებიან. 

სხდომის მიმდინარეობისას, დეკანოზმა დავით ლასურაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტი არ უნდა ასრულებდეს, არც შტეფან ფულეს ან ბიძინა ივანიშვილის დირექტივებს. 

"ჩვენ ვერ დავდებთ ამ საკითხზე იურიდიულ დასკვნას. ჩვენ სულიერი და მოქალაქეობრივი კუთხით უნდა განვიხილოთ ეს ყველაფერი. ამ კანონის მიღება იქნება შეურაცხყოფა ქართველი ერის, კულტურისა და ზნეობის. ჩემი, როგორც სასულიერო პირის შეგონებად ჩათვალეთ, ოღონდ არა ჭკუის სწავლებად – გმირობას ყველას ვერ მოსთხოვ, ასეთი გამოთქმა არსებობს, მაგრამ ადამიანი როცა პარლამენტარი ხდება, უნდა გაითვალისწინოს, რომ გმირობას მოსთხოვენ. გმირობაა, როცა ბიძინა ივანიშვილი დაგიქნევთ თითს რომელიღაც შეკრებაზე, როდესაც ფულე დაგიქნევთ ხელს, როცა სხვები დაგიქნევენ ხელს და ყველაფერს მაინც ზნეობისა და ჩვენი კულტურის გათვალისწინებით გააკეთებთ. რატომ უნდა ვასრულოთ ვიღაცის დირექტივები?! ასეთი კანონი არ მიუღია ევროკავშირის იმ ქვეყნებიდან არავის, რომლებიც ჩვენ რაღაცით, მათ შორის სარწმუნოებრივად გვგვანან _ კვიპროსი და საბერძნეთი ისე მიიღეს ევროკავშირში, რომ ასეთი ნორმები არ მიუღიათ. მაინც და მაინც ჩვენ რატომ გვთხოვენ გადავაბიჯოთ ჩვენს ტრადიციებს, რომ გავხდეთ ევროპის ოჯახის წევრი?!" - განაცხადა დეკანოზმა. 

დეკანოზმა ასევე განაცხადა, რომ პარლამენტარები უნდა გადიოდენ კონსულტაციას საპატრიარქოსთან.  ამის საპასუხოდ ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ ის პატრიარქტს ესაუბრა.

 "მის უწმინდესობას ვუთხარი, რომ ვადებთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული შეზღუდვები. პროექტი ხუთ თვეზე მეტია სამუშაო ფორმატში იხილება. იყო სხვადასხვა დისკუსია, მაგრამ კომიტეტი არის შემოსაზღვული გარკვეული ვადებით. ჩვენ გვაქვს დადგენილ ვადაში განხილვის ვალდებულება", - განმარტა ბესელიამ. 

დეკანოზმა ლასურაშვილმა, ასევე განაცხადა, რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ის ლოცვებში ახალ ხელისუფლებას აღარ მოიხსენიებს. 

"ისე გველაპარაკებით, თითქოს ჩვენ არ ვართ ინფორმირებულნი ამ კანონპროექტის შესახებ. ძალიან კარგად ინფორმირებულნი გახლავართ. საპატრიარქოს ჰყავს თავისი იურისტები, რომლებთანაც, უმჯობესი იყო, მანამდე გქონოდათ კომუნიკაცია, სანამ აქამდე მოვიდოდით. ქალბატონმა თეა წულუკიანმა "აღმოჩენა" გააკეთა, რომ ისეთი ჯგუფები არსებობენ ეკლესიაში, პატრიარქის განცხადების ტონი და სულისკვეთება აღარ მიკვირსო – დაახლოებით ასეთი იყო კონტექსტი. ეს რომ პატრიარქის შეურაცხყოფაა, ამას ვერ გრძნობთ?! როგორ ფიქრობთ, პატრიარქი სხვის ნათქვამზე აკეთებს განცხადებებს?! კინაღამ მარგინალებად გამოაცხადა ქალბატონმა მინისტრმა ეკლესიაში რაღაც ჯგუფები – შეიძლება მეც შევდივარ ამ ჯგუფში. ეკლესიის პოზიცია დგება ეკლესიის სწავლებისა და კანონიკური საეკლესიო სამართლიდან გამომდინარე. თუ ეკლესიის პოზიციას ახალი ხელისუფლებაც არ გაითვალისწინებს, მე პირადად თქვენ ვეღარ მოგიხსენიებთ ლოცვებში",  - განაცხადა მან. 

 

კომენტარები