საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის რეფორმა

წულუკიანი: საპროცესო შეთანხმება გამჭვირვალე პროცესი უნდა იყოს

თეა წულუკიანი

საპროცესო შეთანხმება ამიერიდან აღარ იქნება თავისუფლებასა და ფულს შორის ვაჭრობის საგანი - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

წულუკიანმა საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის რეფორმასთან დაკავშირებულ ძირითად სიახლეებზე ისაუბრა. 

"ჩვენ, როგორც დავპირდით, საზოგადოებას, ჩავატარებთ და ბოლომდე მივიყვანთ რამდენიმე კვირაში საპროცესო შეთანხმების რეფორმას. საპროცესო შეთანხმება ამიერიდან ვერასოდეს ვეღარ იქნება თავისუფლებისა და ფულს შორის ვაჭრობის, გაცვლის საგანი. მთავარი სიახლეები არის შემდეგი: იუსტიციის სამინისტროს ინიციატივაა, კანონში ჩაიწეროს საპროცესო შეთანხმების გარშემო პროკურორსა და ბრალდებულს შორის მოლაპარაკებების შინაარსი და ეს იქნება გაფორმებული ოქმით. გამჭვირვალე უნდა იყოს მთლიანად ეს პროცესი, მოსამართლის როლი უნდა გაიზარდოს, თუმცა საპროცესო შეთანხმებას უფრო მნიშვნელოვანი როლი უნდა დაუთმოს პროკურატურამ იმ გაგებით, რომ გამოიყენოს საპროცესო შეთანხმება იქ, სადაც არის მართლმსაჯულების საუკეთესო ინტერესისთვის საჭირო. პატარა და უმნიშვნელო სისხლის სამართლის საქმეები არ უნდა მივიდეს მოსამართლემდე. ეს ფენომენი, საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი ძალიან გვჭირდება. ბრალდებულს ბევრ საქმეში საპროცესო გარიგება ხელს აძლევს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ფულის სანაცვლოდ" - აღნიშნა წულუკიანმა.

მთავრობა საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის რეფორმირებას იწყებს. სასჯელზე შეთანხმება, როგორც საპროცესო შეთანხმების ერთ-ერთი ფორმა, უქმდება. საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტთან დაკავშირებით ამ და სხვა ცვლილებებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა და განსახილველად პარლამენტს წარუდგინა. 

კანონპროექტი ითვალისწინებს სასჯელზე შეთანხმების, როგორც საპროცესო შეთანხმების ფორმის გაუქმებას. საპროცესო შეთანხმების საფუძველი იქნება მხოლოდ შეთანხმება ბრალზე, რომლის თანახმადაც, ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და სასჯელზე უთანხმდება პროკურორს. პროექტით გათვალისწინებულია, რომ საპროცესო შეთანხმების პირობა შეიძლება იყოს გამოძიებასთან თანამშრომლობა, ან ზიანის ანაზღაურება. 

კანონში შედის დამატებითი ფაქტორები, რომლის გათვალისწინებაც პროკურორს საპროცესო შეთანხმების დადებისას მოუწევს. სადღეისოდ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით ეს ფაქტორებია: ჩადენილი დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელის სიმძიმე, ქმედების მართლსაწინააღმდეგოობა და ბრალეულობის ხარისხი. პროექტის მიხედვით, გადაწყვეტილების მიღებისას პროკურორმა ასევე უნდა გაითვალისწინოს: სახელმწიფოს სამართლებრივი პრიორიტეტები, ჩადენილი დანაშაულის და მოსალოდნელი სასჯელის სიმძიმე, ბრალეულის საზოგადოებრივი საშიშროება, დანაშაულის ხასიათი, ბრალეულობის ხარისხი, ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლები, ნასამართლობა, გამოძიებასთან თანამშრომლობა, დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით ბრალდებულის ქცევა. 

სიახლეა საპროცესო შეთახმების ოქმის საკანონმდებლო რეგულირება. ოქმი უნდა ასახავდეს ბრალდებულსა და პროკურორს შორის მოლაპარაკების პროცესს. ის სრულად და დროულად უნდა იყოს ხელმისაწვდომი დაცვის მხარისთვის და თან უნდა დაერთოს სასამართლოში წარდგენილ შუამდგომლობას საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ. ბრალდებულის ინფორმირებული თანხმობის გარანტად კანონპროექტი ითვალისწინებს პირდაპირ მითითებას იმაზე, რომ სასამართლომ შეამოწმოს ინფორმირებულია თუ არა ბრალდებული საპროცესო შეთანხმების ყველა სამართლებრივი შედეგის, მათ შორის ნასამართლობის შესახებ. 

საპროცესო შეთანხმების დადების პროცესში იზრდება დაზარალებული მხარის უფლებები. სადღეისოდ, საპროცესო შეთანხმების დადებამდე, პროკურორი ვალდებულია, დაზარალებულთან კონსულტაცია გაიაროს და მას საპროცესო შეთანხმების დადების შესახებ შეატყობინოს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ კონსულტაციის შედეგად, პროკურორმა დაზარალებულის ინტერესები არ გაითვალისწინა, ან საპროცესო შეთანხმებით დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის შეუსაბამო სასჯელი მოითხოვა, დაზარალებულს მისი გასაჩივრების უფლება არ აქვს. კანონპროექტის მიხედვით, დაზარალებულ მხარეს საშუალება ეძლევა, დაესწროს სასამართლოს მიერ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შუამდგომლობის განხილვას და გამოთქვას მოსაზრება მისი კანონიერების და სამართლიანობის შესახებ. ამასთან, დაზარალებულს, თუ მას არ შეუძლია, ან არ სურს პროცესზე დასწრება, შეეძლება საპროცესო შეთანხმების დამტკიცებამდე საკუთარი მოსაზრებები მოსამართლეს წერილობით წარუდგინოს. 

კომენტარები