ყვარლის გამგებლის დაკავება

ძიუდოს ფედერაცია: ქევხიშვილის დაკავება ნაკრებისთვის ფსიქოლოგიური დარტყმაა

ყვარლის გამგებლის, დავით ქევხიშვილის დაკავებას საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ეხმაურება. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქევხიშვილის დაკავება, რომელიც გამგებლის პოსტის პარალელურად, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობასაც იკავებს, ევროპის ჩემპიონატზე მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტებისთვის მძიმე ფსიქოლოგიური დარტყმაა.

"საქართველოს ძიუდოს ფედერაციისთვის გახდა ცნობილი, რომ დღეს, 25 აპრილს, ყვარელში დააკავეს ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი. საქართველოს ძიუდოს ფედერაცია სრულ მხარდაჭერას უცხადებს დავით ქევხიშვილს, რომელიც ხასიათდება წესიერ და პატიოსან პიროვნებად. მოვითხოვთ, სამართალდამცველმა ორგანოებმა საქმე განიხილონ სასწრაფოდ და სამართლიანად კანონის ფარგლებში, რადგან მისი დაკავება არის დიდი ფსიქოლიგიური დარტყმა ძიუდოს ეროვნული ნაკრებისთვის, რომელიც ამჟამად ასპარეზობს საფრანგეთში ევროპის ჩემპიონატზე", - ნათქვამია ძიუდოს ფედერაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ყვარლის გამგებელი დავით ქევხიშვილი წვრილმანი ხულგნობისთვის დააკავეს და მას ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით ედება.

კომენტარები