მარგველაშვილი პრაღაში

გიორგი მარგველაშვილი ჩეხეთის პრეზიდენტს შეხვდა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი ჩეხ კოლეგას შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა და მილოშ ზემანმა, ძირითადად, საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობაზე ისაუბრეს.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ ჩეხეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ცალსახად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ასევე საქართველოს ევროსტრუქტურებსა თუ NATO-ში ინტეგრაციის პროცესს. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა კოლეგას მხარდაჭერისთვის და თქვა, რომ ამ ქვეყნის პრაქტიკული გამოცდილება საქართველოსათვის მეტად მნიშვნელოვანია.

პრეზიდენტებმა აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა პოლიტიკურ-ეკონომიკური, განათლების, სოფლის მეურნეობისა თუ უსაფრთხოების მიმართულებით უნდა განვითარდეს. მხარეებმა რეგიონული თემებიც განიხილეს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ერთობლივი პროექტების განხორციელების აუცილებლობაზეც ისაუბრეს. რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობისას, საუბარი უკრაინაში შექმნილ ვითარებასაც შეეხო.

გიორგი მარგველაშვილი პრაღაში გუშინ გაემგზავრა. ის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების რიგგარეშე სამიტში მონაწილეობს.

კომენტარები