ანტიდისკრიმინაციული კანონი

პარლამენტმა ანტიდისკრიმინაციული კანონი პირველი მოსმენით მიიღო

საქართველოს პარლამენტი
RFE/RL

პარლამენტმა ანტიდისკრიმინაციული კანონი პირველი მოსმენით მიიღო. 110 მომხრე - არც ერთი წინააღმდეგი, ასეთი იყო კენჭისყრის შედეგი. კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები ჰქონდა როგორც უმცირესობას, ასევე უმრავლესობას. ისინი დეტალების განხილვას მეორე მოსმენაზე აპირებენ. დღევანდელ სესიაზე გადაწყდა, რომ ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტში მოქმედების სფერო დაკონკრეტებული აღარ იქნება. 

კანონპროექტზე უკვე იმსჯელეს იურიდიულ და ადამიანის უფლებათა კომიტეტების სხდომებზე. განხილვას არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, არასამთავრობოები, სასულიერო პირები და მართლმადიდებელ მშობელთან კავშირის წევრები ესწრებოდნენ. დეკანოზი დავით ისაკაძე იმ დეპუტატებს, რომლებიც კანონპროექტს მხარს დაუჭერენ, ანათემაზე გადაცემით დაემუქრა. შენიშვნები ძირითადად სექსუალური უმცირესობების უფლებებთან დაკავშირებით იყო. ჯონდი ბაღათურია ჰომოსექსუალებისთვის საგანმანათლებლო და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მუშაობის აკრძალვას მოითხოვდა.

ანტიდისკრიმინაციულ კანონზე იუსტიციის სამინისტრო არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მუშაობდა. კანონპროექტი პარლამენტში აპრილის დასაწყისში შევიდა, თუმცა არასამთავრობოების შეფასებით, ის რადიკალურად განსხვავდებოდა მათ მიერ შემუშავებული ვერსიისგან. მათი განცხადებით, კანონპროექტი სანქციებს არ ითვალისწინებს და ამ სახით მისი მიღება მხოლოდ ფორმალობა იქნება. პარლამენტში შეტანილი ანტიდისკრიმინაციული კანონის ავტორი მთავრობის კანცელარიაა. თეა წულუკიანმა ცვლილების კომენტირებისას შიდაპარტიული დაპირისპირება გამორიცხა, თუმცა აღიარა, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული ვარიანტი მისთვის უფრო მისაღები იყო.

საქართველოს ხელისუფლებას ფართომასშტაბიანი ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის მიღებისკენ ევროკომისიამაც მოუწოდა. შესაბამისი რეკომენდაცია აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში არსებული ვითარების შესახებ 2013 წლის ანგარიშში მოხვდა.

კომენტარები