არეულობა უკრაინაში

ლავროვი: ძალის გამოყენების შემთხვევაში, დაგეგმილ მოლაპარაკებებს ჩავშლით

უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარების შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაგმო. სერგეი ლავროვი იმუქრება, რომ ამბოხებულების წინააღმდეგ ძალის გამოყენების შემთხვევაში, რუსეთი 17 აპრილისთვის დაგეგმილ მოლაპარაკებებს ჩაშლის.

"ჩვენ კატეგორულად ვგმობთ ინიციატივებს, რაც დაკავშირებულია პროტესტების ჩასახშობად უშიშროებისა და შეიარაღებული ძალების გაგზავნასთან. ეს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაა. არ შეიძლება, ერთი ხელით დიალოგს იწყებდე, მეორეთი კი დანაშაულებრივ ბრძანებებს გასცემდე მოქალაქეთა, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ არმიის გამოყენების შესახებ. თუ უკრაინაში ძალა იქნება გამოყენებული, ეს ალბათ ჟენევაში მოლაპარაკებების შანსს აღარ დატოვებს", - აცხადებს სერგეი ლავროვი.

უკრაინაში დესტაბილიზაციის მცდელობებში ღიად დაადანაშაულა რუსი კოლეგა ამერიკის პრეზიდენტმა მასთან სატელეფონო საუბრის დროს. თეთრი სახლის ცნობით, ბარაკ ობამამ ვლადიმირ პუტინს განუცხადა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში საკუთარ ქმედებებს არ შეწყვეტს, მის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები იქნება შემოღებული. ვლადიმირ პუტინმა კი, თავის მხრივ, ობამას მოსთხოვა, კიევზე მოახდინოს ზეგავლენა სისხლისღვრის თავიდან აცილების მიზნით.

გუშინ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს პრინციპული გადაწყვეტილება რუს მოხელეთა სიის გაფართოების შესახებ, რომლებსაც პერსონალური სანქციები დაეკისრებათ. ამჟამად ამ სიაში 107 პირია. გარდა ამისა, ევროკავშირმა მიღო გადაწყვეტილება უკრაინისათვის 1 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფის შესახებ.

"ჩვენ გადავწყვიტეთ, გავაფართოოთ იმ პირთა სია, რომლებსაც აქტივები გაეყინებათ და ვიზები გაუუქმდებათ. ასევე გადავწყვიტეთ, 1 მილიარდი ევრო გამოვუყოთ უკრაინას სტაბილიზაციისა და სტრუქტურული რეფორმებისთვის. ასევე გადავწყვიტეთ უკრაინას ცალმხრივი სავაჭრო შეღავათები დავუწესოთ", - თქვა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ქეთრინ ეშტონმა.

უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, ქვეყნის აღმოსავლეთში ანტიტერორისტული ოპერაცია დაწყებულია. ალექსანდრ ტურჩინოვის თქმით, მოსახლეობაში მსხვერპლის საშიშროების გამო, ოპერაცია ეტაპობრივად განხორციელდება.

უკრაინის კრიზისის დარეგულირების თაობაზე ევროკავშირი-აშშ-რუსეთი-უკრაინის შეხვედრა 17 აპრილს, ჟენევაში გაიმართება. მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ქეთრინ ეშტონი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი დეშიცა.

კომენტარები