აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

დღეს აქცია - არა კოლაბორაციონიზმს! არა მტერთან თანამშრომლობას! ჩატარდება

დღეს, 16:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან (ყოფილი კანცელარია) საზოგადოება ივერიის ორგანიზებით,  აქცია "არა კოლაბორაციონიზმს! არა მტერთან თანამშრომლობას!" ჩატარდება.

საზოგადოება ივერია მთავრობის წინაშე 5 მოთხოვნას აყენებს:

1. აამოქმედოს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 309-ე, 310-ე, 311-ე, 315-ე, 317-ე და 319-ე მუხლები; აამოქმედოს საქართველოს ორგანული კანონი საზოგადოებრივ გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერებისა და მათი აკრძალვის შესახებ და აღკვეთოს აგრესორთან თანამშრომლობაში მყოფი ორგანიზაციების საქმიანობა;
2. შემუშავდეს შესაბამისი ნორმატიული ბაზა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის, რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციის და რუსეთის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში განხორციელებული ეთნოწმენდის საჯარო უარყოფაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
3. აიკრძალოს აგრესორი და ოკუპანტი ქვეყნის სახელმწიფო სიმბოლიკის საჯარო გამოყენება;
4. კონტროლზე იქნეს აყვანილი საქართველოს მოქალაქეთათვის რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მინიჭების პროცესი;
5. აიკრძალოს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის საინფორმაციო სატელევიზიო არხების მაუწყებლობა.

საზოგადოება ივერიის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის უკიდურესად აგრესიული პოლიტიკის შედეგად, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები მძიმე და სახიფათო პერიოდში შედის.„ვლადიმერ პუტინმა და მისმა გარემოცვამ, საკუთარი რეჟიმის გადარჩენის მიზნით იმპერიის გაფართოების დოქტრინა აამოქმედეს, რომლის მიზანია, ხელისუფლების მიმართ დაგროვილი სიძულვილი  მეზობელ სუვერენულ სახელმწიფოებზე გადაამისამართოს“ - ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ რუსეთის დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგს დამოუკიდებელი საქართველო  90-იანი წლების დასაწყისიდან, 2008 წლის აგრესიის ჩათვლით, დღემდე განიცდის: სუვერენული ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია,  ათეულ ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე მოკლულია, ეთნიკური  წმენდის რამდენიმე ეტაპია ჩატარებულია და ოკუპირებულ ტერიტორიებზე პერმანენტული მილიტარიზაცია მიმდინარეობს.

საზოგადოება ივერია აქცენტს იმ ორგანიზაციების საქმიანობაზე აკეთებს, რომლებიც რუსეთის ოფიციალურ სტრუქტურებტან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. „რუსეთიდან კარგად დაფინანსებული პოლიტიკური პარტიების და ორგანიზაციების ხელმძღვანელები მოსკოვში რეგულარულად ჩადიან, სადაც ოკუპანტი ქვეყნის ოფიციალურ სტრუქტურებთან საქართველოს პოლიტიკური მომავლის შესახებ დანაშაულებრივ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ცალკეული პირები პუტინს წერილით მიმართავენ, საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას მხარს უჭერენ და გამოთქვამენ წუხილს, რომ აგრესიას არ ჰქონდა უფრო მასშტაბური ხასიათი და არ დასრულდა საქართველოს ხელისუფლების დამხობით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს დამოუკიდებლობის, მისი უსაფრთხოების და თავისუფალი მომავლის დასაცავად აქციის ორგანიზატორებს  მიაჩნიათ, რომ აუცილებლია საზოგადოება კოლაბორაციონისტული ორგანიზაციების ანტისახელმწიფოებრივ, დანაშაულებრივ საქმიანობას წინ აღუდგეს და მათი მარგინალიზაცია მოახდინოს.

კომენტარები