წინასაარჩევნო გარემო

ენმ-ის მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეებს თელავის გამგეობამ საყვედური უთხრა

თელავის გამგეობამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილე საჯარო მოხელეებს საყვედური გამოუცხადა. მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ვერა კობიაშვილის თქმით, ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილი აქცია ორგანიზაცია ივერიელის წარმომადგენლებმა გააპროტესტეს.

"იქიდან გამომდინარე, რომ აქცია მიმდინარეობდა ხმაურით, თელავის გამგეობის მოხელეები სიტუაციაში გარკვევის მიზნით მივიდნენ და შეუერთდნენ ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ მიმართულ პროტესტს და საერთო ემოციურ ფონზე საკუთარი უკმაყოფილება გამოხატეს ეთიკური ნორმების გადაცდომით. ამის გამო, აქციაზე მყოფ ყველა მოხელეს მიეცა სიტყვიერი მითითება, რათა მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდეს და დაცული იყოს დემოკრატიული პრინციპები" - თქვა კობიაშვილმა.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა დღეს იმ პირთა სია წარმოადგინა, რომლებიც მისი ინფორმაციით, გუშინ, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ნაციონალური მოძრაობის შეხვედრების ჩაშლის მონაწილეები და ორგანიზატორები არიან. ნადირაშვილის თქმით, თელავში ენმ-ის დაგეგმილი შეხვედრა გამგეობის თანამშრომლებმა ჩაშალეს. მან დაასახელა თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, სახანძრო-სამაშველო სამსახურის სპეციალისტი, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა უფროსი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის სპეციალისტი, წყალმომარაგების კომპანიის თელავის სერვისცენტრის მენეჯერი, ქორეოგრაფიის ცეკვის ანსამბლ "თელავის" ხელმძღვანელი.

კომენტარები