53-ე სკოლა

სანიკიძე: მზად ვართ დიალოგისთვის, თუ პედაგოგები მოვალეობას შეასრულებენ

განათლების სამინისტრო

53-ე საჯარო სკოლაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, დღეს, 19:30-ზე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება. სანიკიძის თქმით, სამინისტრო მზად არის 53-ე სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან დიალოგისთვის, თუ ისინი მოვალეობის შესრულებას დაიწყებენ.

“კონსენსუსის მიღწევა თავიდანვე შეიძლებოდა და ვფიქრობ, მიღწეულიც იყო. დასკვნის სასამართლოში გასაჩივრება იყო ის ოპტიმალური ვარიანტი, რომლისთვისაც უნდა მიემართათ და რის გაკეთებასაც ახლა აპირებენ. მთელი ამ მასკარადის მოწყობა რისთვის იყო საჭირო, დღემდე გაუგებარია. დღეს ზოგიერთი პედაგოგი და სკოლის წარმომადგენელი გადავიდა ვაჭრობის ფაზაში, გვითხრეს, რომ რომელიმე მათგანი დაგვენიშნა დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად, სანამ ყოფილი დირექტორი ჩივის”, - განაცხადა თამარ სანიკიძემ და აღნიშნა, რომ ეს აბსოლუტურად მიუღებელია.

ამ დროისთვის, 53-ე სკოლაში მოსწავლეებისა და მასწავლებლების საპროტესტო აქცია დასრულებულია, თუმცა, პედაგოგების განცხადებით, აქციები ორშაბათიდან კვლავ განახლდება. მათი თქმით, სამინისტრო ხელოვნურად აფერხებს იმ საბუთების გადაცემას, რომლის საფუძველზეც სასამართლოში საქმე უნდა აღიძრას. პედაგოგების განცხადებით, სკოლაში სასწავლო პროცესი მას შემდეგ აღდგება, რაც მინისტრი ახალი დირექტორის ეკა გახარიას დანიშვნის ბრძანებას გააუქმებს. ისინი შიმშილობის დაწყებას არ გამორიცხავენ. მასწავლებლების თქმით, განათლების სამინისტროს განცხადებები, თითქოს პროტესტი მართულია, სიმართლეს არ შეესაბამება. 

53-ე სკოლის ეზოში მოსწავლეებისა და პედაგოგების საპროტესტო აქცია რამდენიმე დღეა მიმდინარეობს და სასწავლო პროცესი შეჩერებულია. აქციის მონაწილეები, სკოლის ყოფილი დირექტორის მარიამ რამინაშვილის თანამდებობაზე აღდგენას და სამინისტროსა და სკოლის პედაგოგებს შორის მედიატორის დანიშვნას ითხოვენ.

კომენტარები