53-ე სკოლა

სამინისტრო: აუდიტის დასკვნით, 53-ე სკოლაში დარღვევების სპექტრი მრავალფეროვანია

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით, გარკვეული ჯგუფები ცდილობენ 53-ე სკოლის ირგვლივ განვითარებული მოვლენებით მანიპულირებას და მოსწავლეების პირადი მიზნებისთვის გამოყენებას. სამინისტრო აცხადებს, რომ უწყება პოზიციას არ შეცვლის და სკოლის დარღვევების თაობაზე შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნას აქვეყნებს. სამინისტროს მტკიცებით, სკოლის გათავისუფლებული დირექტორი ავრცელებს ცრუ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მხოლოდ 0.64 თეთრიანი დარღვევის შედეგად გათავისუფლდა. უწყების ცნობით, დარღვევების სპექტრი მრავალფეროვანია და დირექტორს ერთი წლის წინ ჰქონდა მიღებული გაფრთხილება ფინანსური დარღვევების გამოსწორებასთან დაკავშირებით.

სამინისტრის ინფორმაციით, ინსპექტირების ჯგუფმა გამოავლინა, რომ სკოლის ფართებით (6 საკლასო ოთახი) სარგებლობს კერძო პირი, ისე, რომ არ იხდის სარგებლობის თანხას, არ არსებობს ხელშეკრულებები, არ არის განათლების სამინისტროს და ეკონომიკური სამინისტროს თანხმობა, არ ჩატარებულა აუქციონი (სარგებლობა ხდებოდა 2013 წლის ოქტომბერში, ნოემბერში, დეკემბერში, 2014 წლის თებერვალში). 

ასევე, აუდიტის დასკვნის მიხედვით, 2013 წლის განმავლობაში მოქმედი იჯარის 12 ხელშეკრულება დადებულია კანონდარღვევით ჩატარებული აუქციონის საფუძველზე (ჯამში იჯარით გაცემული ფართი 1600 კვ.მ–ზე მეტია), ხოლო მოიჯარეები თანხებს იხდიდნენ დარღვევით და არ არის გადახდილი საურავები.

"ერთ-ერთ შპს-ს არ აქვს გადახდილი იჯარის თანხა 3600 ლარის ოდენობით, საურავი – 433 ლარი, კომუნალური გადასახადი – 108 ლარი (საურავის ნაწილი და კომუნალური გადახდილ იქნა ინსპექტირების დასრულების შემდეგ (საურავი 160 ლარი, კომუნალური გადასახადი 108 ლარი); მოიჯარე ც. თ. – გარკვეული პერიოდი სარგებლობდა ფართით (79.80 კვ.მ) ხელშეკრულების გარეშე და საფასურის გადახდის გარეშე; მოიჯარე ე. დ.-ს მიერ დაკავებული იყო დამატებით სხვა ფართი; მოიჯარე თ. მ. – იჯარით აღებული ფართის ნაცვლად იყენებდა სხვა ფართს; მოიჯარე ნ. ს. – იჯარით გაცემული ფართი ნაკლებია, რეალურად იყენებს მეტ ფართს (31 კვ.მ–ის ნაცვლად 41 კვ.მ–ს)" - აცხადებს სამინისტრო და აღნიშნავს, რომ სკოლაში დარღვეულია ბუღალტრული აღრიცხვის წესი (ხელმოუწერელი მემორიალური ორდერები), ინვენტარიზაციის ჩატარების წესი (ხელმოუწერელი საინვენტარიზაციო აღწერები), შესყიდვების განხორციელების წესი (არ არის დამტკიცებული შესყიდვების გეგმა, შესყიდვები განხორციელებულია ხელშეკრულების გარეშე).

ასევე, აუდიტის დასკვნის მიხედვით, სამი წელია არ არჩეულა ახალი დისციპლინური კომიტეტი (უნდა აირჩეს ყოველ წელს ახალი), სასკოლო სასწავლო გეგმა დამტკიცებულია არასრულად, წრეები შექმნილია ერთპიროვნულად დირექტორის ბრძანებით, როცა უნდა იყოს განსაზღვრული სასკოლო სასწავლო გეგმით, დამტკიცებული და შეთანხმებული სამეურვეო საბჭოს მიერ.

"გადასწორებულია ჟურნალები, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით სკოლას არაერთი მითითება აქვს მიცემული; არცერთი პირველკლასელის პირადი საქმე არ იყო შევსებული (უნდა შევსებულიყო წლის დასაწყისში); მოსწავლეთა ჩარიცხვა განხორციელებულია ამისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის გარეშე (კანონიერი წარმომადგენლის განცხადებისა და სანოტარო წესით დამოწმებული დაბ. მოწმობის წარდგენის გარეშე)" - აცხადებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

რამდენიმე დღეა, 53-ე სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები სკოლის ყოფილი დირექტორის მარიამ რამინაშვილის თანამდებობაზე აღდგენას ითხოვენ. დღეს დილით, მათ  სკოლის შესასვლელების ბლოკირება მოახდინეს და ახლადდანიშნული დირექტორი ეკა გახარია სკოლაში არ შეუშვეს.

სკოლის დირექტორის დათხოვნის საფუძველი სამინისტროს გენინსპექციის დასკვნა გახდა, რომლის მიხედვით, სკოლაში ფინანსური დარღვევები გამოვლინდა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გენინსპექცია 53-ე საჯარო სკოლაში ერთ-ერთი მოქალაქის წერილის საფუძველზე, მიმდინარე წლის 5 მარტს შევიდა და სამუშაო 14 მარტს დაასრულა. 

კომენტარები