წინასაარჩევნო გარემო

ენმ: გუშინდელი პროვოკაციები ოცნების სათავო შტაბსა და სუს-ში დაიგეგმა

news.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის ირმა ნადირაშვილის შეფასებით, ქართული ოცნების განცხადებას, რომლითაც კოალიციამ ენმ-ის წევრების მიმართ გუშინდელი ძალადობა დაგმო, ფასი არ აქვს. მისი თქმით, ერთია სიტყვა და მეორე ქმედებები. ნადირაშვილმა დღეს იმ პირთა სია წარმოადგინა, რომლებიც მისი ინფორმაციით, გუშინ, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ნაციონალური მოძრაობის შეხვედრების ჩაშლის მონაწილეები და ორგანიზატორები არიან. ნადირაშვილის მტკიცებით, "გუშინდელი პროვოკაციები ქართული ოცნების სათავო შტაბსა და შსს-ს სუს-ის განყოფილებაში დაიგეგმა".

საპარლამენტო უმცირესობის წევრის თქმით, მასობრივ რეპრესიებთან და დაჭერებთან ერთად, ქართული ოცნება იყენებს პროვოკაციების გზასაც და მუდმივად ხელს უშლის წინასაარჩევნო კამპანიას.

"საარჩევნო გარემო ვერ ჩაითვლება ნორმალურად, რადგან მთავარ ოპოზიციურ პარტიას არ აქვს საშუალება, ჩაატაროს წინასაარჩევნო კამპანია", - აღნიშნა ნადირაშვილმა.

მისი ინფორმაციით, ქუთაისში გუშინ დილით შეკრიბეს სპორტული და სამუსიკო სკოლების, ასევე, სკოლამდელი დაწესებულების ორასამდე თანამშრომელი და ექვსი ავტობუსით წაიყვანეს წყალტუბოში. ნადირაძის თქმით, პროცესს ხელმძღვანელობდა იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი კოტე ლომიძე, ასევე, მონაწილეობდნენ ქუთაისი მაჟორიტარი დეპუტატის გუბაზ სანიკიძის ბიუროს წევრები.

"აღსანიშავია, რომ ის თანამშრომლები ავტობუსებიდან არ ჩამოსულან, 40 აქტივისტი მიუსიეს ჩვენს ორ თუ სამ ადამიანს, რომელიც გაჩერებული პროექტების წარმოჩენას ცდილობდა", - დასძენს დეპუტატი.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის თქმით, ანაკლიაში ენმ-ის წევრებზე თავდასხმას საერთო კოორდინაციას უწევდა სამეგრელოს სუს-ის უფროსი გოგი ნაჭყებია, ასევე, ჩართულები იყვნენ ზუგდიდის გამგებელი ედიშერ თოლორაია, წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ბელქანია, ზუგდიდის ქართული ოცნების ახალგაზრდული შტაბის უფროსი გოჩა ღადუა, ზუგდიდის ფოსტის გენერალური ინსპექციის უფროსი ალექსანდრე მოლაშხია. გარდა ამისა, მისივე თქმით, მონაწილეობდნენ წალენჯიხის გამგეობის კულტურის სამსახურის თანამშრომელი ოლგა შამუგია, ქართული ოცნების დეპუტატობის კანდიდატი სოფელ ჭალეში ბაჩანა უბილავა და სხვ.

ირმა ნადირაშვილის თქმით, კახეთში ენმ-ის დაგეგმილი შეხვედრა გამგეობის თანამშრომლებმა ჩაშალეს - სახანძრო-სამაშველო სამსახურის სპეციალისტი ბექა ჟურული, თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ალექსანდრე აგურაშვილი, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა უფროსი ლევან ხვისტანი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის სპეციალისტი ოთარ მდივნიშვილი, წყალმომარაგების კომპანიის თელავის სერვისცენტრის მენეჯერი ალექსანდრე შათირიშვილი, ქორეოგრაფიის ცეკვის ანსამბლ "თელავის" ხელმძღვანელი გიორგი ქევხიშვილი.

"რაც შეეხება ბათუმს და თბილისს, აქ რიგ შემთხვევებში გამოიყენეს ნინო ბურჯანაძის აქტივისტები. საერთო სურათი არავისთვის იწვევს ეჭვს, რომ ეს ყველაფერი დაორგანიზებული იყო ქართული ოცნების სათავო ოფისში და ამაში ჩართული იყო შსს", - განაცხადა ნადირაშვილმა. 

ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ქართული ოცნების აქტივისტებმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში აქციის - "გაჩერებული საქართველო" ჩატარების საშუალება არ მისცეს. პარტიის ინფორმაციით, მოძრაობის რამდენიმე ლიდერს უნდა ეჩვენებინა ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონებში შეჩერებული მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები. მათ ასევე, სურდათ, საზოგადოებისთვის გაეცნოთ 2013 წლის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ნაწილში.

თელავში, თბილისში, ანაკლიასა და წყალტუბოში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს შეკრებილმა მოქალაქეებმა დაგეგმილი ღონისძიების ჩატარების საშუალება არ მისცეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ასევე, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოდან გამოსულ გიგი უგულავას კვერცხები ესროლეს.

პარტიამ ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო გუშინდელი აქციების შესახებ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ "დაუშვებელია საზოგადოებაში დაგროვილი აგრესიის ძალადობრივი მეთოდებით გამოხატვა".

კომენტარები