წინასაარჩევნო გარემო

ენმ წინასაარჩევნო კამპანიას - "ერთად ავამუშაოთ გაჩერებული საქართველო" იწყებს

primetimenews.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის მიუხედავად, ნაციონალური მოძრაობა წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს. კამპანიის მოწოდებაა - ერთად ავამუშაოთ გაჩერებული საქართველო.

როგორც წიკლაურმა დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, საქართველოს ხუთ ქალაქში, "ენმ-ის წინააღმდეგ ორგანიზებულმა თავდასხმებმა ყველასათვის ცხადი გახადა, რომ ქართულ ოცნებას არაფერი არ აქვს სათქმელი საკუთარი ამომრჩევლისათვის".

წიკლაურის თქმით, ხელისუფლებას არაფერი აქვს სათქმელი საკუთარი ამომრჩევლისათვის, გარდა საკუთარი პარტიული აქტივისტების მობილიზებისა და მათი სასტვენებით, ცოცხებით და კვერცხებით შეიარაღებისა.

“ქართული ოცნების სიტყვა და საქმე, დაპირებული და შესრულებული, კატასტროფულად დასცილდა დღეს ერთმანეთს, ხოლო ხელისუფლების განცხადებები და, რაც მთავარია, ქმედებები უკვე სამოქალაქო მშვიდობას და სტაბილურობას უქმნის საფრთხეს. ამ ვითარებაში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იწყებს წინასაარჩევნო კამპანიას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის. ჩვენი კამპანიის მოწოდება არის - ერთად ავამუშაოთ გაჩერებული საქართველო!", - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ქართული ოცნების აქტივისტებმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში აქციის - "გაჩერებული საქართველო" ჩატარების საშუალება არ მისცეს. პარტიის ინფორმაციით, მოძრაობის რამდენიმე ლიდერს უნდა ეჩვენებინა ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონებში შეჩერებული მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები. მათ ასევე, სურდათ, საზოგადოებისთვის გაეცნოთ 2013 წლის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ნაწილში.

თელავში, თბილისში, ანაკლიასა და წყალტუბოში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს შეკრებილმა მოქალაქეებმა დაგეგმილი ღონისძიების ჩატარების საშუალება არ მისცეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ასევე, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოდან გამოსულ გიგი უგულავას კვერცხები ესროლეს.

უმცირესობის წევრის ზურაბ ჯაფარიძის ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობის წევრებს თელავში ძირითადად მუნიციპალიტეტის თანამშრომლები დაესხნენ თავს, წყალტუბოში - ქართული ოცნების პარტიული აქტივისტები და ქუთაისის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, ბათუმში - ნინო ბურჯანაძის პარტიის აქტივისტები და სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლები, ანაკლიაში - ზუგდიდის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების, ასევე ზუგდიდის ფოსტის თანამშრომლები.

"თბილისში კი, ჰაკიმ ფაშას თანასოფლელები", - აღნიშნავს ჯაფარიძე.

პარტიამ ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო გუშინდელი აქციების შესახებ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ "დაუშვებელია საზოგადოებაში დაგროვილი აგრესიის ძალადობრივი მეთოდებით გამოხატვა".

კომენტარები