უწყებათაშორისი კომისია

ენმ უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე წინასაარჩევნოდ ხელის შეშლაზე ისაუბრებს

ka.wikipedia.org

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა უწყებათაშორისი კომისიის დღევანდელ სხდომას დაესწრება. საპარლამენტო უმცირესობის წევრის მიხეილ მაჭავარიანის თქმით, ენმ-ის წინააღმდეგ ხუთ ქალაქში გამართული აქციები ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ოპონენტების წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის ფაქტია.

მაჭავარიანის განცხადებით, საპარლამენტო უმცირესობა უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე პარტიის წევრების, მაჟორიტარობის კანდიდატებისა და თვითმმართველობების მოქმედი წევრების პროკურატურაში დაბარებასა და დაპატიმრებების საკითხზეც ისაუბრებს. როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, ქვეყანაში საარჩევნო გარემო, წინა წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაუარესებულია.

„გასულ წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე იმედგაცრუებულნი ვიყავით იმიტომ, რომ არცერთ ჩვენს საჩივარზე არ ყოფილა რეაგირება უწყებათაშორისი კომისიის მხრიდან. პირიქით, იყო საკმაოდ დაძაბული სიტუაცია და ალბათ, გახსოვთ იუსტიციის მინისტრის მხრიდან ჩვენი პარტიის წარმომადგენელთან დაკავშირებით მუდმივი კამათი. საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხვალინდელ სხდომას დავესწროთ, მით უმეტეს, რომ დღეს ოცნების წარმომადგენლებმა ძალიან დიდი მასალა მოგვცეს. ის აქცია, რომელიც გუშინ საღამოს დაიგეგმა და, თეორიულად, რომ არა სატელეფონო მოსმენა, ვერ გაიგებდნენ ამ აქციის შესახებ. ფაქტობრივად, ყველა ქალაქში მოვიდნენ „ქართული ოცნების“ აქტივისტები და ხელი შეგვიშალეს საარჩევნო კამპანიის ჩატარებაში. ამავე დროს, დაგროვდა საკითხები, რომელიც უკავშირდება ჩვენი თანაპარტიელების დაბარებას პროკურატურაში, დაკავებას ხონის რაიონის გამგებლის და მისი მოადგილის, დუშეთის რაიონში ჩვენი პარტიის თავმჯდომარის, ქობულეთის სოფელ ხალაში ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატის. მოკლედ, ძალიან ბევრი საკითხია, გარემო მნიშვნელოვნად გაუარესებულია. ხელისუფლებას თუ გადაწყვეტილი აქვს ასეთ გარემოში ჩაატაროს არჩევნები, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე ცუდი არჩევნები, რაც კი საქართველოში ჩატარებულა“, - თქვა მაჭავარიანმა.

თვითმმართველობის არჩევნებისთვის შექმნილი უწყებათაშორისი კომისია დღეს, 15:00-ზე პირველ სხდომას გამართავს. შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ კომისია დატოვა და განაცხადა, რომ მათ საჩივრებზე რეაგირება არ ხდებოდა.

კომენტარები