დასაქმების პროგრამა

ენმ: ამ ტემპით, სამუშაოს ყველა მაძიებლის აღწერას დაახლოებით 15 წელი დასჭირდება

facebook.com

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, თუ ჯანდაცვის სამინისტრო ამ ტემპით გააგრძელებს სამუშაოს მაძიებელთა აღწერას, საქართველოში დასაქმების ყველა მსურველის რეგისტრაციას დაახლოებით 15 წელიწადი დასჭირდება. ჯანდაცვის სამინისტროს გუშინდელ განცხადებას, რომ სოციალური მომსახურების სააგენტომ 25 დეკემბრიდან 8 აპრილამდე პერიოდში, სამუშაოს 7 800 მაძიებელი აღწერა, ზურაბ ჭიაბერაშვილი პასუხობს.

მისი თქმით, საქართველოში შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის რეალიზაციის 2013-2014 წლების სამოქმედო გეგმის მიხედვით, რომელსაც ხელს ბიძინა ივანიშვილი აწერს, 2013 წლის აგვისტოდან დროებით უნდა დასაქმებულიყო 10-12 ათასი რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებელი. თუმცა, აქამდე, 7 800 მსურველია რეგისტრირებული.

"ჩემს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით 3 984 სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა 2014 წლის 17 თებერვლისათვის. ჯანდაცვის სამინისტროს ეს არც უარუყვია, უბრალოდ დააზუსტა, რომ დღევანდელი მდგომარეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე 7800 სამუშაოს მაძიებელია დარეგისტრირებული. რა გამოდის, 17 თებერვლიდან დღემდე ანუ თვე-ნახევრის განმავლობაში დარეგისტრირდა დაახლოებით 3800 სამუშაოს მაძიებელი. ამ ტემპით, საქართველოში სამუშაოს ყველა მაძიებლის აღწერას დაახლოებით 15 წელიწადი დასჭირდება. კვლავ გავიმეორებ, ჩვენ ასევე თვე-ნახევრის განმავლობაში, 2012 წლის აგვისტო-სექტემბერში მთელი ქვეყნის მასშტაბით 593,174 სამუშაოს მაძიებელი აღვრიცხეთ. სხვაობა ნათელია", - აცხადებს ჭიაბერაშვილი.

ცნობისთვის, გუშინ ჭიაბერაშვილმა წარმოადგინა ჯანდაცვის სამინისტროსგან გამოთხოვილი მონაცემები, რომლის მიხედვითაც, 25 დეკემბრიდან 17 თებერვლამდე, შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში სამუშაოს 3 984 მაძიებელი დარეგისტრირდა. მას ტაბულასთან საუბარში უპასუხა სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა თეა სტურუამ და თქვა, რომ ენმ-ის მონაცემები ძველი, თებერვლამდე პერიოდისაა და ამ დროისთვის, სისტემაში სამსახურის 7 800 მაძიებელია დაფიქსირებული.

ასევე შეგახსენებთ, რომ ყოფილ პრემიერს ვანო მერაბიშვილს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა სწორედ დასაქმების პროგრამის საქმეზე მიუსაჯა. განაჩენის მიხედვით, მერაბიშვილმა და ჭიაბერაშვილმა 2012 წელს დასაქმების სახელმწიფო პროგრამა გამოიყენეს ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების დასაფინანსებლად, რომლებიც პარტიის სასარგებლო აგიტაციაში მონაწილეობდნენ, ფულს კი ბიუჯეტიდან იღებდნენ. 

კომენტარები