უსუფაშვილი ვილნიუსში

უსუფაშვილი: ჩვენ გვჭირდება დახმარება ევროპისგან და არა მხოლოდ რუსეთის დასჯა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, დღევანდელი ევროპა არის არა მხოლოდ უკრაინის უსაფრთხოების, არამედ საქართველოს მომავალი წარმატებების გარანტიც. უსუფაშვილის თქმით,დღევანდელი მდგომარეობით, ევროპა არის თვისობრივად უფრო გაერთიანებული და ერთიან პოზიციაზე, ვიდრე ეს იყო თუნდაც 2008 წლის აგვისტოში. 

„წარსულს უკან ვერ დავაბრუნებთ. მე დარწმუნებული ვარ, ეს რომ შეიძლებოდეს, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს ევროპა სრულიად განსხვავებულ ყურადღებას მიაქცევდა შემდგომ თვეებსა და წლებში“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა ვილნიუსში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების მიმდინარე კონფერენციისას.

მან სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა იმ საკითხებზე, რაში დახმარებაც საქართველოს სჭირდება.

„ეს არ არის მარტო უსაფრთხოების თემები. ჩვენ გვჭირდება დახმარება დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით. ჩვენ გვჭირდება დახმარება ევროპისგან და არა მხოლოდ მათ მიერ რუსეთის დასჯა. ჩვენ გვაქვს კომპლექსური საჭიროებები და მოხარული ვარ, რომ ეს საჭიროებები ესმით ჩვენს კოლეგებს“, - თქვა დავით უსუფაშვილმა ვილნიუსში.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის პარალელურად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გუშინ პოლონეთის, ჰოლანდიის, იტალიის პარლამენტის თავმჯდომარებს და გერმანიის ბუნდესტაგის თავმჯდომარეს შეხვდა.

კომენტარები