ალექსანდრე ჭიკაიძის ინტერვიუ

კუბლაშვილი: ჭიკაიძე ცდილობს, ვიღაცას მოაჩვენოს, რომ მართლა მინისტრია

საპარლამენტო უმცირესობის წევრის პავლე კუბლაშვილის შეფასებით, "შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ცდილობს, ვიღაცას მოაჩვენოს, რომ მართლა მინისტრია და სიტუაციას აკონტროლებს". მისი თქმით, შს მინისტრის განცხადება, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ევრომაიდნის სცენარს ამზადებს და დესტაბილიზაციისთვის ემზადება, აბსოლუტურად აცდენილია რეალობას.

"მას სურს, დაუმტკიცოს ერთგულება ბიძინა ივანიშვილს და აქედან გამომდინარე აკეთებს ხმამაღალ განცხადებებს. მესმის, რომ ჩაერთო ფერხულში, რასაც ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ ბრძოლა ჰქვია. ვულოცავ ბატონ ბიძინას ამ დიდ შენაძენს”, - თქვა ჟურნალისტებთან საუბარში პავლე კუბლაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გაზეთ პრაიმტაიმთან ექსკლუზიურ ინტერვიუში შესაძლო დესტაბილიზაციაზე საუბრობს. პრაიმტაიმნიუსის ცნობით, ალექსანდრე ჭიკაიძე აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობა ევრომაიდნის სცენარს ამუშავებს და არსებობს ინფორმაცია, რომ ამ მიზნით უკვე დაწყებულია საბურავების მომარაგება. მისი თქმით, "გარკვეული ჯგუფები აპირებენ ზონდერჯგუფების ჩამოყალიბებას, რომლებმაც, შესაძლოა, მოახდინონ წარსულში კრიმინალთან და მრავალ დანაშაულებთან ასოცირებული პირების მობილიზება". ასევე, "იგეგმება კარვების გაშლა, სადაც 300-400 კაცის მობილიზება მოხდება". ჭიკაიძის განცხადებით, "ჯგუფები, რომლებიც შეეცდებიან ქვეყანაში დესტაბილიზაციას, ხალხისა და ოპონენტების ცემას, რათა ეს ყველაფერი მერე სახელმწიფოს დააბრალონ, უმკაცრესად დაისჯებიან".

კომენტარები