ალექსანდრე ჭიკაიძის ინტერვიუ

ჭიკაიძე წიკლაურის ცემაზე: ნაციონალების მიმართ საზოგადოებაში არის აგრესია

ალექსანდრე ჭიკაიძე

შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის ცემასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ამ შემთხვევაშიც ხელისუფლების დადანაშაულება სრულიად გაუგებარია. მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობის მიმართ საზოგადოებაში არის აგრესია. აღნიშნული მან გაზეთ პრაიმტაიმთან ექსკლუზიურ ინტერვიუში თქვა.

"გამოძიება დაიწყო 125-ე მუხლით, ცემის ფაქტზე. იძიებდა დიდუბე-ჩუღურეთის პროკურატურა, თუმცა რამდენადაც ვიცი, მათივე მოთხოვნით საქმე მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გადავიდა. დაიკითხა რამდენიმე პიროვნება, თვითმხილველები, რომლებიც ამბობენ, რომ სამ კაცზე მეტი არ შეუნიშნავთ ამ ინციდენტის დროს. თავად ბატონი ნუგზარი ამბობს, რომ 9 კაცი დაესხა თავს, გამოიყენეს ელექტროშოკი და სცადეს გატაცება. ვნახოთ, გამოძიება რას დაადგენს, რეალურად რა მოხდა. არ აქვს მნიშვნელობა რაოდენობას, ვინც დააშავა, ნებისმიერი პიროვნება პასუხს აგებს კანონის შესაბამისად. ამ შემთხვევაშიც ხელისუფლების დადანაშაულება სრულიად გაუგებარია. არ მესმის, რაში აწყობდა ხელისუფლებას ოპოზიციონერი დეპუტატის ცემა? ზოგადად, ნაციონალური მოძრაობის მიმართ საზოგადოებაში არის აგრესია და ხშირად მიწევს მითითების მიცემა, რომ პოლიციამ მაქსიმალურად უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება მოქალაქეებისგან. ამისთვის პოლიციას მადლობა მინდა გადავუხადო, რადგან მათ ესმით, რომ თითოეული ადამიანი, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, არის ამ ქვეყნის მოქალაქე", - აღნიშნავს ჭიკაიძე.

შს მინისტრის შეფასებით, საუბარი იმაზე, რომ ქვეყანაში კრიმინალური ვითარება დამძიმდა, არის უსაფუძვლო და სამინისტროს დიკსრედიტაციას ემსახურება."რაც არ უნდა კარგი გავაკეთოთ, ჩვენი ოპონენტები ცდილობენ სიტუაციის დამძიმებას და საზოგადოებაში არასწორი შეხედულების ჩამოყალიბებას", - აღნიშნა ალექსანდრე ჭიკაიძემ.

კომენტარები