არქიტექტურა და დიზაინი

ბათუმის მაკდონალდსი 2014 წლის საუკეთესო კომერციულ შენობად დასახელდა

ბათუმის მაკდონალდსი
გიორგი ხმალაძე / khmaladze.ge

ქართველი არქიტექტორის, გიორგი ხმალაძის, დაპროექტებული ბათუმის მაკდონალდსის კომპლექსი გავლენიანი ინტერნეტგამოცემის, ArchDaily, მიერ 2014 წლის საუკეთესო შენობად დასახელდა. ArchDaily ერთერთი ყველაზე პოპულარული ინტერნეტპლატფორმაა პროფესიონალი და მომავალი არქიტექტორებისათვის და უბრალოდ არქიტექტურის და დიზაინის მოყვარულთათვის.

ბათუმის მაკდონალდსმა ArchDaily-ს გარდა, Architizer.com-ის 2014 წლის საუკეთესო კომერციულ დაწესებულებათა დიზაინის მქონე შენობებს შორისაც დაიმკვიდრა ადგილი. Architizer.com-ის კონკურსის შემთხვევაში გამაჯრვებულის გამოვლენაში ჩართული იყო სამასზე მეტი ჟიურის წევრი და ინტერნეტპორტალის ათასობით მომხმარებელი.

არქიტექტორმა ტაბულასთან საუბარში განმარტა, რომ მაკდონალდსის კონცეფციის განვითარებისას ერთერთი მთავარი ფაქტორი შენობის ადგილდმებარეობა იყო. მის წინაშე იდგა ამოცანა, ბათუმის ცენტრში, სადაც მასიური განაშენიანება მიმდინარეობს, ბენზინგასამართი სადგურისა და მაკდონალდსისთვის შედარებით მცირე სივრცის ათვისება, ისე, რომ სარეკრეაციო ზონისა და ავტოსადგომისთვის ადგილი დარჩენილიყო და ეს არ მომხდარიყო დიზაინის ხარჯზე.

გასათვალისწინებელი იყო ისიც, რომ აუცილებელი იყო საკვები დაწესებულებისა და ბენზინგასამართი სადგურის გამიჯვნა სივრცის მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენების პირობებში, რამაც საბოლოოდ განაპირობა მეორე სართულის დიზაინი და გამწვანების ზონა, რომელიც ფარის მოვალეობას ასრულებს და ერთამენთისგან გამოჰყოფს საკვებ და ბენზინგასამართ ზონებს.

ArchDaily-ს შეფასებებში მთავარი ყურადღება სივრცის ეფექტიანად ათვისებასა და თანმდევ დიზაინერულ გადაწყვეტილებას ეთმობა. აღნიშნულია ის ფაქტიც, რომ სხვა მსგავსი ორსართულიანი დაწესებულებებისგან განსხვავებით, შენობის შიგნით მომხმარებელი პირდაპირ პირველიდან მეორე სართულზე არ ხვდება, არამედ გადის სექციებს, სადაც ასევე განთავსებულია მაგიდები და სკამები რესტორნის სტუმრებისათვის.

არქიტექტორის განამრტებით, შენობის სექციებად ათვისების გადაწყვეტილება იმითი იყო განპირობებული, რომ მაკდონალდსის რესტორანთა ქსელს აქვს გარკვეული ტექნიკური მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც სათავსოები, რესტორნის სამზარეულო და ტექნიკური დანიშნულების სივრცეები პირველ სართულზე უნდა განთავსდეს ადვილი ხელმისაწვდომობისთვის, რაც სართულზე შეზღუდული სივრცის გამო მცირე ადგილს ტოვებდა მაგიდების განსალაგებლად. 

შენობის მფლობელი ნავთობკომპანია სოკარია. სივრცის ათვისებამდე, კომპანია რამდენიმე კონკურენტულ პროექტს განიხილავდა. საბოლოოდ აირჩა გიორგი ხმალაძის დიზაინი. არქიტექტორის თქმით თავდაპირველი პროექტს დიდი სახეცვლილება არ განუცდია, გარდა იმისა, რომ მშენებლობის პროცესში დიზაინი იხვეწებოდა. პროექტი ათი თვე ვითარდებოდა, რაც, მისივე თქმით, ქართულ რეალობაში შენობის პროექტირებისათვის შედარებით დიდი დროის მონაკვეთია.

თავად მაკდონალდსის წარმომადგენლობა მხოლოდ ინტერიერის დიზაინში იღებდა მონაწილეობას, რომლის პირველადი განლაგებაც ასევე ხმალაძემ გააკეთა.

ამ შენობის სახით შეიქმნა ურბანული სივრცე, ქალაქის ამ მონაკვეთში გარკვეული მიზიდულობის ცენტრი ვიზუალური და სარეკრეაციო კუთხით, სადაც არა მარტო მაკდონალდსისა და სოკარის მომხმარებლები ჩერდებიან, არამედ უბრალოდ გამვლელები და იმავე ზონის მაცხოვრებლები. ხალხი ეჩვევა ამ ადგილს და იქნება გარკვეული მიზიდულობის ზონა - ამბობს ხმალაძე.

გიორგი ხმალაძე ამჟამად საკუთარ არქიტექტურულ კომპანიას უძღვება, რომელიც არქიტექტორთა და დიზაინერთა პატარა გუნდისგან შედგება. მისი თქმით, კომპანია მუშაობს რამდენიმე პროექტზე, რომელთაგანაც ერთერთი შესაძლოა აბუ დაბიში განხორციელდეს. არქიტექტორი დამკვეთ კომპანიას არ ასაჯაროებს, რადგან პროექტები ჯერჯერობით მოლაპარაკების პროცესშია.

კომენტარები