შალვა თათუხაშვილის საქმე

ვოლსკი: თათუხაშვილზე ნამდვილად მოხდა ზეწოლა, თუმცა ვისგან, გამოძიება დაადგენს

radiotavisupleba.ge

საპარლამენტო ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერის გია ვოლსკის განცხადებით, "შალვა თათუხაშვილზე ნამდვილად მოხდა ზეწოლა, თუმცა ვის მიერ, ამას გამოძიება დაადგენს". როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, "ზეწოლა, სავარაუდოდ, იმ ადამიანებმა მოახდინეს, რომელთაც არ სურდათ, რომ შალვა თათუხაშვილი ბრალდების მოწმე ყოფილიყო".

"ნაციონალური მოძრაობა ცდილობს თავის მართლება შეტევით რეჟიმში გადაიტანოს და ბრალი დასდოს ხელისუფლებას. კონკრეტული სახელებისა და გვარების დასახელება, საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა პანიკურ შიშს ჰგავს მათი მხრიდან. პროკურატურამ გამოარკვია, რომ გარდაცვალებამდე თათუხაშვილი არ იყო დაკარგული. ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე იქნება კითხვები, რომელსაც ჩვენ აუცილებლად დავსვამთ. პროკურატურისათვის ეს ადამიანი ძალიან მნიშვნელოვანი მოწმე იყო", - ამბობს ვოლსკი.

შალვა თათუხაშვილის საქმესთან დაკავშირებით, დღეს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი საგანგებო სხდომას გამართავს, რომელსაც მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დაესწრება. კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, პროკურატურასთან შეთანხმებით, სხდომაზე ვიდეომასალასაც აჩვენებენ.

ცნობისთვის, გუშინ მთავარმა პროკურატურამ შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების მიზეზების დასადგენად დაწყებული გამოძიების საქმეში არსებული გარემოებები გაასაჯაროვა. უწყებაში განაცხადეს, რომ თათუხაშვილს ახალაიების ოჯახის მხრიდან ანგარიშსწორების ეშინოდა.

როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, ხსენებულ საქმეზე ბოლო პერიოდში უწყების მისამართით ბრალდებული ახალაიების ოჯახის წევრებისა და ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების მხრიდან მედიასაშუალებებში ყოველგვარ საფუძველს მოკლებული, ცილისმწამებლური განცხადებები კეთდება.

ამასთან, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვდა. საპარლამენტო უმრავლესობამ კომისიის შექმნას მხარი არ დაუჭირა.

კომენტარები