საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრს ევროპის საკითხებში დევიდ ლიდინგტონს შეხვდა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
საქართველოს პრემიერმინისტრი და დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში, მიესალმნენ, თბილისში ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატის წარმომადგენლობის გახსნას და ორი ქვეყნის ბიზნესურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვეს.
მხარეებმა საქართველო–ბრიტანეთის ურთიერთობების საკითხებზე ისაუბრეს. პრესსამსახურის ცნობით, გამოითქვა კმაყოფილება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული წარმატებების გამო.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ივნისის თვეში საქართველო ხელს მოაწერს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მომავალი ევროატლანტიკური ოჯახის წევრობა არის.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომრეობას. ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ბრიტანეთის ევროპის საქმეთა სახელმწიფო მინისტრს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის.
"განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე და კმაყოფილებით აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებობს მემორანდუმი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ." - წერია პრესსამსახურის განცხადებაში.
მანამდე დევიდ ლიდინგტონს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია სასტუმრო ამბასადორში შეხვდნენ. შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის შესახებ ისაუბრეს.
"მთავარი საკითხი, რა თქმა უნდა, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს უკავშირდებოდა. ვისაუბრეთ იმის შესახებ, რა უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველომ ევროპისა და NATO-სკენ სწრაფი ნაბიჯებით იმოძრაოს. კარგია, რომ მინისტრისგან მხარდაჭერა კიდევ ერთხელ მოვისმინეთ.
ქვეყნის დემოკრატიისა და შიდა პოლიტიკის საკითხებიც განვიხილეთ. ვისაუბრეთ იმის შესახებ, რამდენად მნიშნელოვანია, რომ ქვეყანა დემოკრატიულად ვითარდებოდეს და მთავრობა პირველ რიგში მოტივირებული სამართლის თვალსაზრისით ისეთ ნაბიჯებს არ დგამდეს, რომელიც ამ ყველაფერს საფრთხეს შეუქმნის."- თქვა შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით ბაქრაძემ.
დევიდ ლიდინგტონის თქმით კი, დიდი ბრიტანეთი საქართველოს კვლავ მხარდაჭერას უცხადებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სივრცის შესახებ შეთანხმების უფრო ადრე ხელმოწერის საკითხში.
"ვფიქრობ, საქართველოში ჩემი ვიზიტი მნიშვნელოვანია. ქართული პოლიტიკის შესახებ მკაფიო წარმოდგენა მაქვს. უკრაინაში რუსული აგრესიის ფონზე საერთაშორისო და რეგიონული ხედვების შესახებ ვისაუბრეთ. საქართველოს ევროპული პერსპექტივა განვიხილეთ. დიდი ბრიტანეთი საქართველოს კვლავ მხარდაჭერას უცხადებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სივრცის შესახებ შეთანხმების უფრო ადრე ხელმოწერის საკითხში. მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ თავისუფალი არჩევნებითა და ძალაუფლების მშვიდობიანი, დემოკრატიული გადაცემით ისტორიული მიღწევა აჩვენეს."- თქვა ლიდინგტონმა.





