დაკითხვაზე სააკაშვილის დაბარება

უგულავა: სააკაშვილი სასამართლოს წინაშე ჩვენების skype-თი მისაცემად მზად არის

„მოსამართლე, როცა კონკრეტულ საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად მოწმე სააკაშვილის დაკითხვას საჭიროდ მიიჩნევს, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი მზად არის, skype-თი  ჩაერთოს და ჩვენება მისცეს,“ - თქვა თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ თოქ-შოუ "პოზიცია"-ს ეთერში. როგორც უგულავა ამბობს, მიხეილ სააკაშვილმა თავისი პოზიცია მას რამდენიმე საათის წინათ სატელეფონო საუბარში გააცნო.  

უგულავას განმარტებით, სააკაშვილის პოზიცია სამართლებრივად აბსოლუტურად სწორი და დასაბუთებულია. „რაც მთავარია, იმ არსებულ რეალობას ითვალისწინებს, რაც ივანიშვილმა პროკურატურის ხელით და პროკურატურისგან შექმნა,“ - დასძენს უგულავა.

გიგი უგულავას თქმით, თუ პროკურატურის მიერ წარმოებულ ამა თუ იმ საქმეს სამართლებრივი პერსპექტივა აქვს, იგი ბუნებრივია, სასამართლოში შემდგომი განხილვისთვის წავა. „პროკურატურას შესაძლებლობა აქვს, მოწმის სახით დასაკითხთა ჩამონათვალში ნებისმიერი მოქალაქე ჰყავდეს, მათ შორის ისეთი მოწმე, რომელიც გამოძიებისას დაკითხული არ ყოფილა,“ - აღნიშნავს უგულავა.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის თავდაპირველ პოზიციას, როგორც უგულავა ამბობს, პროკურატურას გახმაურებულ საქმეზე არა ჭეშმარიტების დადგენა, არამედ წინასწარ აკვიატებულოი თეზისებისა და მოსაზრებების დადასტურება სურს. „ეს სამართლიანობის დამკვიდრებისგან აბსოლუტურად განსხვავდება. ყველაფერი ეს იმ გადაწყვეტილების საფუძველი გახდა, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა თავდაპირველად გაახმოვანა. პროკურატურა, როდესაც 50 საქმეზე ერთ ქვაბში ჩაყრილად იტყვის, რომ დღეს ამ საქმეზე დაგკითხავ და ხვალ იმ საქმეზე,  ბუნებრივია, სააკაშვილმა ამ მასკარადში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს. თუმცა, იგი საკუთარი თავის პრივილეგირებულ მდგომარეობაში, კანონს მიღმა დაყენებას არ აპირებს. ამას, არც სააკაშვილი აპირებს და არც მე გამიკეთებია,“ - ამბობს გიგი უგულავა. 

კომენტარები