ბიზნესგარემო საქართველოში

ფადი ასლი: საქართველოში შემოსავლების სამსახური არის ბიზნესსექტორის მტერი

საქართველოში შემოსავლების სამსახური არის ბიზნესსექტორის პირველი მტერი - ამის შესახებ ტაბულასთან საუბარში საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ, ფადი ასლიმ განაცხადა.

ფადი ასლის თქმით, შემოსავლების სამსახური უპასუხისმგებლოდ იქცევა და ბიზნეს მძიმე პირობებს უქმნის. საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარის განცხადებით ფინანსთა მინისტრი და პრემიერმინისტრი პირდაპირ არიან პასუხისმგებლები ამ საკითხზე. ასლის თქმით თუ სიტუაცია არ გამოსწორდება, ის იძულებული იქნება უცხოელ ინვესტორებს საქართველოში ბიზნესის დაწყებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდოს, რათა ფინანსთა სამინისტრომ მათი ბიზნესი არ გაანადგუროს.

”შემოსავლების სამსახური ამ ქვეყანაში არის ბიზნესსექტორის პირველი მტერი და იქცევიან როგორც ბიზნესსექტორის პირველი მტრები და არა მარტო ბიზნესის მტრები, არამედ საქართველოს მტრებიც. ერთის მხრივ ჩვენ ვხედავთ პრემიერმინისტრსა და ეკონომიკის მინისტრს, რომლებიც მოგზაურობენ მსოფლიოს გარშემო და სტიმულს აძლევენ ხალხს რომ ჩამოვიდნენ საქართველოში და დაიწყონ ბიზნესი და მეორეს მხრივ ჩვენ გვაქვს შემოსავლების სამსახური, რომელიც ბიზნესებს წარმოუდგენლად მძიმე პირობებს უქმნის არსებობისთვის, აბსოლუტურად უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით. მათი მიდგომაა: თუ არ მოგწონს ჩვენი დასკვნა, შეგიძლია სასამრთლოს მიმართო, მაგრამ სანამ სასამართლოს მიმართავ, გიყინავენ ანგარიშებს, ბიზნეს-ანგარიშებიდან ახდენენ თანხის ჩამოჭრებს იმ ოდენობით რაც თავად მიაჩნიათ სწორად და ამასთანავე ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე,  სამართლებრივად დევნიან იმ ბიზნესებს, რომელსაც თავადვე მიიჩნევენ რომ არიან დაახლოებული წინა მთავრობასთან, თავიდან აწარმოებენ იმ კომპანიების აუდიტებს, რომელიც უკვე აუდიტირებულია წინა მთავრობის დროს და უკვე დაჯარიმებულები არიან შესაბამისი დარღვევებისთვის და საქმეები დახურულია. ისინი ანადგურებენ ბიზნესგარემოს. უკვე თვეებია, რაც საშემოსავლო სამსახური და ფინანსური პოლიცია ანადგურებენ ბიზნესგარემოს. ისინი საქართველოს ნომერ პირველ დაბრკოლებად არიან გადაქცეულნი. ეს არის ის, როგორც ჩვენ ვხედავთ ამას, არ გვეშინია ამისი თქმის და ეს უნდა შეჩერდეს. ფინანსთა მინისტრი პირადად არის პასუხისმგებელი იმაზე რაც ხდება, პრემიერმინისტრი პირადად არის პასუხისმგებელი იმაზე რაც ხდება და თუ ისინი არ შეაჩერებენ ამ პროცესებს, მაშინ ჩვენ, საერთაშორისო სავაჭრო პალატის ქსელის საშუალებით მსოფლიოს მასშტაბით გავაფრთხილებთ ყველა საერთაშორისო ინვესტორს, რომ არ ჩამოვიდნენ საქართველოში, იმიტომ რომ ჩვენ საკუთარ თავზე ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას დავპატიჟოთ ხალხი საქართველოში, როცა ვიცით რომ მათ ფინანსთა სამინისტრო გაანადგურებს მათ ბიზნესს” - განაცხადა საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ. 

კომენტარები