ღარიბაშვილი მარნეულში

მარნეულში ღარიბაშვილი ეთნიკურად აზერბაიჯანელ სტუდენტებს შეხვდა

facebook.com/GaribashviliOfficial

მარნეულში საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეთნიკურად აზერბაიჯანელ სტუდენტებს შეხვდა.

ღარიბაშვილმა სტუდენტებს სამთავრობო ინიციატივები გააცნო და მოუწოდა, უფრო აქტიურად მიაწოდონ მთავრობას, კერძოდ კი პრემიერმინისტრს საკუთარი იდეები.

„იცით, რომ არსებობს სპეციალური პროგრამა და ბევრმა თქვენგანმა, ალბათ, უკვე გამოიყენა ეს პროგრამა. ვინც არ იცის, მათთვის ვიტყვი, რომ თქვენ გაქვთ შესაძლებლობა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანული ტესტების შედეგებით ჩაირიცხოთ უმაღლეს სასწავლებლებში. იქ თქვენ შეგასწავლიან ქართულ ენას იმისათვის, რომ შემდეგ გააგრძელოთ სწავლა ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის და სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამებით. სახელმწიფო აფინანსებს თქვენს სწავლას და ამისათვის გამოგეყოფათ გრანტები 5, 6 და 7 წლის განმავლობაში, იმის მიხედვით, რამდენიც საჭირო იქნება თქვენი განათლებისთვის“– განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა.

მისივე განცხადებით, მალე დაიწყება სტუდქალაქის მშენებლობა, ხოლო 600-მდე სტუდენტი წელსვე გაივლის სტაჟირებას სხვადასხვა სამინისტროში. მთავრობის მეთაურმა ეთნიკურად აზერბაიჯანელ სტუდენტებს მოუწოდა, ისარგებლონ Facebook გვერდზე გახსნილი სპეციალური აპლიკაციით– „სტუდენტების იდეა პრემიერს“ და მიაწოდონ მათი მოსაზრებები.

კომენტარები