მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი

კუბლაშვილი: მოწმეთა დაკითხვის წესის გადავადებით, სახელმწიფო ვალდებულებას იღებს

frontnews.ge

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი განიხილა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მოსამართლეების, პროკურორებისა და ადვოკატების მომზადება მოხდეს, რათა კიდევ არ დადგეს გადავადების საკითხი, ”იმიტომ, რომ როდესაც გადავადება ხდება სახელმწიფოს ინიციატივით, ის უკვე ვალდებულია ვადაში მოამზადოს ისინი”.

”პრობლემა დგას რაში - არასდროს ასეთი სისტემა არ არსებობდა საქართველოში. არცერთ თანამშრომელს, რომელიც მოქმედი პირია დაკითხვებში, არ ჰქონია ასეთი გამოცდილება. არ იციან ამის გაკეთება სასამართლო დარბაზში. ამას სჭირდება დიდი მომზადება მოსამართლეებისა და პროკურორების. 

მნიშვნელოვანია, ეს ხალხი მოემზადოს და არ დაგვიდგეს საკითხი - მოდი, კიდევ ერთხელ გადავდოთ. იმიტომ, რომ ვალდებულია უკვე სახელმწიფო. ინიციატივის გადადებით, ის ვალდებულებას იღებს, რომ ამ ვადაში მოამზადებს მათ. რაც შეეხება სასამართლოს, სასამართლო დაიტვირთება, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არ არის გადაულახავი პრობლემა. 45000 ამნისტიის საქმე განიხილა სასამართლომ 3 თვეში, ანუ ეს დატვირთვა არ არის დიდი პრობლემა, რომ ვერ განიხილოს სასამართლომ მოწმეების დაკითხვები”, - თქვა კუბლაშვილმა.

კუბლაშვილის თქმით, არ უნახავს ადამიანი, რომელიც უარყოფითად აფასებს აღნიშნულ სისტემას. 

"მე არ მინახავს ადამიანი, რომლიც უარყოფითად აფასებდეს ამ ახალ სისტემას, რაც დევს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში. იცით თქვენ, რომ 2010 წლიდან ამოქმედდა ეს კოდექსი, მაგრამ მოხდა იმავდროულად ამ ნაწილის გადავადება 2 წლით. მერე კიდევ 1 წლით მოხდა, როგორც მახსოვს. მთავარი მიზანია, მოიხსნას ყოველგვარი თეორიული შესაძლებლობა, მოწმეზე ვინმემ დაკითხვისას რაიმე ზეწოლა მოახდინოს.

ამ სისტემით გათვალისწინებულია - სამართალდამცველ ორგანოებს, რა თქმა უნდა, უფლება აქვთ გაესაუბრონ მოწმეებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს დაკითხვას და ჩვენების მიცემას. ამ გასაუბრების შემდეგ მოწმეთა დაკითხვა იწარმოებს თავად სასამართლო დარბაზში. ამ დაკითხვას დაესწრება მოსამართლე, პროკურორი და ადვოკატი. ეს გამორიცხავს ყველანაირ პრობლემას და აღარ დადგება საკითხი, რომ ვინმემ მოწმეზე რაიმე ზეგავლენა მოახდინა”, - აღნიშნა კუბლაშვილმა.



 

კომენტარები