საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა შეასრულა თავისი დანაპირები იმის შესახებ, რომ მთავრობის კრიტიკას არ მოერიდებოდა. როგორც ფანჯიკიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ეს არის კიდევ ერთი სიახლე, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებას შესთავაზა.
„ბიძინა ივანიშვილი პრემირმინისტრის პოსტიდან გასული წლის ნოემბერში წავიდა. მან დიდი ხნით ადრე გამოაცხადა, რომ სამოქალაქო სექტორში გადანაცვლებას, იქიდან ძალიან აქტიურ მუშაობას აპირებდა და მთავრობის კრიტიკას არ მოერიდებოდა, მთავრობისა, რომელიც მისი გუნდისგან შედგება. მან ეს პირობა შეასრულა. ალბათ, ბევრს არ სჯეროდა, რომ ეს ასე იქნებოდა. მას შემდეგ, რაც სამოქალაქო სექტორში გადაინაცვლა, მან ბევრი მიმართულებით გამოთქვა კრიტიკა, ჩვენ ყველანი ამისათვის მზად ვიყავით. მე ვფიქრობ, ეს არის კიდევ ერთი სიახლე, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებას შესთავაზა“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.
მინისტრის თქმით, მისასალმებელია, რომ ბიძინა ივანიშვილი თავისი გუნდის წევრების გაკრიტიკებას არ ერიდება.
„მისასალმებელია, როდესაც იგი, თუ არის რაიმე საკრიტიკო, თავისი გუნდის წევრების გაკრიტიკებას არ ერიდება. ყველა მინისტრი არის ბატონი ბიძინას დროს დანიშნული. მე არა მგონია, მისთვის სასიამოვნო იყოს მის მიერვე შერჩეული კანდიდატების, მისი გუნდის კრიტიკა, მაგრამ თუ ამას მოითხოვს საქმე და თუკი ეს წაადგება საქართველოში პოლიტიკური კულტურის განვითარებას და, თუ გნებავთ, ხელისუფლების უკეთ მუშაობას, ეს არის აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება“, - განაცხადა მინისტრმა.
ფანჯიკიძემ ასევე თქვა, რომ ქართულ პოლიტიკაში აღნიშნულ სიახლეს მიესალმება.
„ჩემთვისაც არის რაღაცნაირი გაფრთხილება, მეც ვიცი, რომ თუ რაღაც შემეშლება, რამეს არასწორად გავაკეთებ, მე მეყოლება სერიოზული კრიტიკოსი იმ ადამიანის მხრიდან, რომელსაც მე ძალიან დიდ პატივს ვცემ. ეს კიდევ ერთი კონტროლის მექანიზმია, ასე ვთქვათ. როდესაც მე ვიცი, თუ რამე შემეშლება, კრიტიკას მივიღებ მისგან და მისგან მიღებული კრიტიკა ჩემთვის იქნება, შეიძლება ყველაზე ეფექტური, მტკივნეული და ყველაზე მეტად განსაცდელი“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.
ფანჯიკიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილისგან განსხვავებით, ის ხელისუფლების წარმომადგენელია და, შესაბამისად, მისი ფუნქცია არ არის, კოლეგები და ხელისუფლება აკრიტიკოს.
"იმედი მაქვს, თქვენ გაგებით მოეკიდებით იმ ფაქტს, რომ მე მეტ კომენტარს ამ საკითხზე ვერ გავაკეთებ", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა პოლიტიკის დროში განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტად დანიშვნის შემდეგ პრინციპულად განსხვავებული თვისებები გამოავლინა. მისი თქმით, მარგველაშვილთან არაფორმალური ურთიერთობა აღარ აქვს.
ჟურნალისტის კითხვაზე - როგორ აფასებს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, ივანიშვილმა უპასუხა, რომ "ველოდი უკეთესს, არ დავმალავ. პირველი ორი თვე მქონდა საკმაოდ ბევრი პოლემიკა უკვე არჩეულ პრეზიდენტთან".
ივანიშვილის თქმით, გიორგი მარგველაშვილმა პასუხი ვერ გასცა მის კითხვას პრეზიდენტის მრჩეველ ვანო მაჭავარიანთან დაკავშირებით, თუ რატომ გახდა ის ახალი პრეზიდენტის ფავორიტი, მაშინ როდესაც ყოფილი პრეზიდენტის ფავორიტი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ვანო მაჭავარიანის ძმა მიშა მაჭავარიანია.





