აგრარული უნივერსიტეტი

TI აგრუნის საქმეზე: არ უნდა შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ გამოძიება პოლიტიკურია

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს განცხადებით, იმ პირობებში, როდესაც სახეზეა უამრავი პირი, ვინც სახელმწიფო ქონება სიმბოლურ თანხად მიიღო და არავითარი ინვესტიცია არ განუხორციელებია, განსაკუთრებით საყურადღებოა აგრარული უნივერსიტეტისა და კახა ბენდუქიძის საქმიანობის გამოძიება. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნავს, საქმის მიმართ მაღალ საჯარო ინტერესს განაპირობებს ისიც, რომ კახა ბენდუქიძე გამოირჩევა საქართველოს ხელისუფლებისადმი კრიტიკული დამოკიდებულებით.

"2013 წელს საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ გამოაქვეყნა კვლევა სიმბოლურ თანხად სახელმწიფოს მიერ კერძო პირებზე გაცემული ქონების შესახებ. ინფორმაციის შესწავლისას გამოიკვეთა მთელი რიგი შემთხვევები, როდესაც ინვესტორები, რომლებმაც სახელმწიფო ქონება რიგ შემთხვევებში 1 ლარად მიიღეს, საინვესტიციო ვალდებულებებს არ ასრულებდნენ. სამწუხაროდ, ამ დრომდე საქართველოს ხელისუფლებას არცერთი ამგვარი შემთხვევა სათანადოდ არ შეუსწავლია. როგორც ჩანს, მხოლოდ კახა ბენდუქიძის მიერ განხორციელებული პრივატიზება იქნა შესწავლილი და საქართველოს პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნაც კი, მხოლოდ ამ კონკრეტულ საქმეზე დაიწყო", - აცხადებს ორგანიზაცია და აღნიშნავს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, აგრარული უნივერსიტეტის საქმე გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად წარიმართოს. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს განცხადებით, აუცილებელია, საზოგადოებას ჰქონდეს სრული, ობიექტური და დროული ინფორმაცია მიმდინარე პროცესებზე და არ შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ გამოძიება პოლიტიკური მოტივაციით მოქმედებს.

"აუცილებელია, რომ სახელმწიფომ, ერთი მხრივ, განუხრელად დაიცვას კანონი და უზრუნველყოს კანონის უზენაესობის პრინციპის მოქმედება ყველა პირის მიმართ მათი პოლიტიკური შეხედულებისა თუ სტატუსის მიუხედავად და, მეორე მხრივ, უზრუნველყოს ინვესტორების კანონიერი ინტერესების დაცვა", - აცხადებს საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო და აღნიშნავს, რომ საკითხის მაღალი აქტუალობიდან გამომდინარე, ყურადღებით მიადევნებს თვალს მიმდინარე პროცესს.

"კახა ბენდუქიძის ორგანიზაციას საქართველოს სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტი 2011 წელს მართვის უფლებით გადაეცა, ხოლო 2012 წელს 5 მილიონ აშშ დოლარად (დაახლოებით 9 მილიონი ლარი) მისი პრივატიზება მოახდინა. საპრივატიზაციო პირობებით დადგინდა, რომ დაწესებულებას საგანმანათლებლო პროფილი სულ მცირე 8 წლით შეუნარჩუნდებოდა და, ამასთანავე, 8 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელებოდა. აგრარული უნივერსიტეტის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის ინფორმაციით, 2012 წლიდან 2014 წლის იანვრამდე უნივერსიტეტმა შემდეგი ინვესტიციები განახორციელა:

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კამპუსის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და განვითარება – 13 მილიონი ლარი;
სამეცნიერო კვლევების გრანტები და უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტები – 5 მილიონი ლარი", - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია და აღნიშნავს, რომ აგრარული უნივერსიტეტის მენეჯმენტსა და ხელისუფლებას შორის დაპირისპირება 2013 წლის მარტში დაიწყო, როდესაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭომ აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.

"ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას მაშინ სტუდენტების რამდენიმედღიანი პროტესტი მოჰყვა. მოგვიანებით, სახელმწიფო უწყებამ პოზიცია შეცვალა და აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია აღუდგინა. დღეის მდგომარეობით, აგრარულ უნივერსიტეტში ორი ათასი სტუდენტი სწავლობს და ის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული უმაღლესი სასწავლებელია, რომელსაც თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზაც გააჩნია", - ნათქვამია საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს განცხადებაში.

ცნობისთვის, TI საქართველომ 2013 წლის ივლისში გამოაქვეყნა კვლევა, რომელშიც სწორედ სიმბოლურ ფასად გადაცემულ ქონებაზეა საუბარი. კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევაში აღნიშნულია, რომ 100-ზე მეტმა ორგანიზაციამ და კერძო პირმა მიიღო სახელმწიფო ქონება სიმბოლურ ფასად უპირობოდ ან საინვესტიციო პირობით. სიაში არიან საქართველოს საპატრიარქო, ბანკები, უნივერსიტეტები და სხვ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათია, აგრარული უნივერსიტეტის საქმეზე დაკითხვაზე იმყოფება უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ბენდუქიძე. პროკურატურა უკვე დატოვა განათლების ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა. ამასთან, გუშინ 9 საათის განმავლობაში კითხავდნენ აგრარული უნივერსიტეტის რექტორს ლაშა გოცირიძეს.

მთავარი პროკურატურის განცხადებით, საქმე ეხება სსიპ საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული დიდი ოდენობით უძრავი ქონების პრივატიზებას. უწყების მტკიცებით, სსიპ სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად რეორგანიზაციისას, მასთან შერწყმული 14 კვლევითი-სამეცნიერო ინსტიტუტის ბალანსზე არსებული უძრავ-მოძრავი ქონება შპს აგრომეტის კაპიტალში წინასწარ შემცირებული ღირებულებით შევიდა, შემდეგ კი, მოხდა შპს აგრომეტის 100% წილის 5 150 000 აშშ დოლარად პრივატიზება 8 000 000 ლარის საინვესტიციო ვალდებულებით.

"მაშინ, როდესაც შპს აგრომეტის საწესდებო კაპიტალში შეტანილი უძრავ-მოძრავი ქონებების მხოლოდ საბალანსო ღირებულება 65 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო საბაზრო ღირებულება რამდენიმე ასეულ მილიონ ლარზე მეტია. ცნობისათვის, პრივატიზებული ქონების მხოლოდ ერთი ნაწილი თბილისში აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ-ზე განთავსებული 59 ჰექტარი მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება შეფასებულია 10 790 000 ლარად, რომელიც კაპიტალში შეიტანეს 59 000 ლარად (1 კვადრატული მეტრი 10 თეთრად), ანალოგიური გზით შემცირდა სხვა ქონებების ღირებულებებიც", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები